
სახალხო დამცველი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო იუსტიციის მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას გეგმავს. ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს. საკითხი ეხება, იუსტიციის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველთან შეთანხმების გარეშე, „მატროსოვის" ციხეში ლომჯარიასა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შესახებ გასაჯაროვებულ ინფორმაციას. ამ საკითხზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ აქვთ.
ნინო ლომჯარიას ციხეში შესვლაზე განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი თქმით, სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მე-9 დაწესებულებაში მსჯავრდებულები ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კახაბერ ნაკანი მოინახულეს. თავად ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის განცხადება უარყო კონკრეტული პატიმრების ნახვაზე.
მე-9 დაწესებულებიდან გამოსულმა ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა. მისივე თქმით, ომბუდსმენის ამ ინფორმაციას მომავალ კვირას სტრასბურგში საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის.
ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ ამა თუ პატიმართან შეხვედრისა და მათთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გასაჯაროვება, კანონდარღვევაა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუწევს.
„ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის განცხადება და გუშინდელი ინციდენტი გამოძიების დაწყების საფუძველია, სწორედ იმ სამართლებრივი საფუძვლით, რაც მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსში და სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში. სახალხო დამცველის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც მითუმეტეს თავად (ნინო ლომჯარია) არ ასაჯაროებს, კონკრეტულ პატიმართან შეხვედრა იქნება თუ სხვა კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, საფუძველია იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს.
„სახალხო დამცველის არა ერთი შეხვედრა ყოფილა, მაგრამ არ მახსენდება, სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებულიყოს, მითუმეტეს არასამუშაო საათებში. პრეცენდენტის დაშვებაც კი არ შეიძლება, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს. კარგია, რომ ამის შესახებ იმსჯელებს სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალური მონაცემების ნაწილზე და იმსჯელებს საგამოძიებო ორგანოც, რომელიც უკვე ორ ნაწილზე იქნება ორიენტირებული, - საკომიტეტო მოსმენის დროს შესაძლო ზეგავლენის თაობაზე, სახალხო დამცველზე და გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით.
„პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ, რომ რეალურად კონსტიტუციურ ორგანოებზე თავდასხმა ადვილად არ ჩაივლის, მითუმეტეს, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველზეა საუბარი. საკომიტეტო მოსმენაზე პირველივე კადრის გასვლის დროს, ვთქვი, რომ კანონი დარღვეული იყო და მინისტრი პარლამენტარების წინაშე ღიად ორ კანონს არღვევდა, პერსონალური მონაცემებისა და სახალხო დამცველის შესახებ კანონს. შესაბამისად, ამას უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი საშუალება პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება დასრულდეს მისი თანამდებობიდან გაშვებით და თუ ამას არ გააკეთებს პრემიერი, ამ შემთხვევაში უკვე საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
„ჩემთვის სამწუხარო იყო იმის ყურება, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, კანონმდებლები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ უმაღლესი წარმომადგნლები იყვნენ, ითმენდნენ და მადლობას უხდიდნენ მათდამი ანგარიშვალდებულ პირს, იმისთვის, რომ კანონზე და პარლამენტზე შეიხოცა ფეხი. რეაგირება საზოგადოებამ და სახალხო დამცველმაც უკვე მოითხოვა, ჯერი პარლამენტსა და საგამოძიებო ორგანოებზეა. ვნახოთ პარლამენტი რამდენად ღირსეული იქნება," - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ აქვთ:
„თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით აკისრია," - წერია განცხადებაში.