ელზა პაპოშვილი
25.01.2020

 

სისხლიანი გარჩევა მწყებსებს შორის - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 35 წალის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გარდაცვლილიც და მკვლელობაში ეჭვმიტანილიც მწყემსები არიან. მათივე ინფორმაციით, ნასვამმა მწყემსებმა ერთმანეთს სანადირო თოფიდან ესროლეს. 

მათ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სოფელში პოლიცია გამოჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა პოლიციაში თავადვე დარეკა და უთხრა, რომ კაცი მოკლა, ხოლო ადგილზე მისულ სამართადამცველებს მკვლელობის იარაღითვე ჩაბარდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, საქონლის ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც მხოლოდ ეს ორი მწყემსი იმყოფებოდა. მათივე თქმით, გაუგებარია რა უნდა გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი, რადგანაც ორივე მათგანი ამ ფერმაში უკვე წლებია მუშაობენ. 

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

„მომხდარის შესახებ მხოლოდ დილას შევიტყვეთ. დავინახეთ, რომ პოლიციის მანქანები მიდიოდა. 35 წლის ბიჭია მოკლული. როგორც თქვეს, ღამე დაულევიათ და ჩხუბი მოსვლიათ. სანადირო თოფიდან უსვრია და ადგილზევე მომკვდარა. ეს საქონლის ფერმა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული.

„არც სროლის ხმა გაგვიგია და არც რაიმე ხმაური. მკვლელს პოლიციაში თავადვე დაურეკავს და უთქვამს - კაცი მოვკალი და მოდითო. პოლიციაც რომ მივიდა იარაღითვე ჩაბარდა. რაზე იჩხუბეს და რა მოხდა მიზეზიც არავინ იცის. იმდენად მთვრალები ყოფილან, რომ მაგდენიც აღარ ახსოვს ალბათ. საქონლის ფერმაა, სადაც წლებია მუშაობენ და რატომ მოუვიდათ ასე უბედურება, ალბათ ამას გამოძიება დაადგეს“, - აცხადებს სოფლის მკვიდრი „რეზონანსთან“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×