ელზა პაპოშვილი
26.01.2020

რა არის დოდო გუგეშაშვილის შვილის ვაჟა გუგეშაშვილის მკვლელობის მოტივი და არის თუ არა დაკავებული ზაზა მურჯიკნელი პირი, რომელმაც მხოლოდ შეკვეთა შეასრულა? დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს, თუმცა 48 წლის ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს და პირიქით, მისი ადვოკატი ამბობს, რომ ის გაოგნებულიც კი არის. გამოძიება კი მას რამდენიმე მუხლით ედავება. 

დაკავებული ბრალს არცერთ ნაწილში არ ეთანხმება. მისი ადვოკატი გიგა ბოგვერაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გამოძიებას საქმის მასალები მისთვის ამ დრომდე არ გადაუცია. 

თავად დოდო გუგეშაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მას ამ პირის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება. მისი აზრით, ის მხოლოდ შემსრულებელია და მის უკან დამკვეთი დგას. მას მკვლელობის მოტივზე სხვადასხვა ვერსიებია ქვს, თუმცა ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბარი არ სურს. მისი აზრით, გამოძიება დამკვეთზეც გავა. 

„რეზონანსის“ ინფორმაციით კი, გამოძიება გუგეშაშვილზე და მის შვილზე თავდასხმის ორ ვერსიას ამუშავებს. ერთის მიხედვით დაკვეთა შესაძლოა „მხედრიონში“ მის ყოფნის პერიოდს უკავშირდებოდეს, ხოლო მეორე ვერსიით კი შესაძლოა უკრაინაში საქმიანობას ეხებოდეს. 

„რეზონანსის“ კითხვაზე უკავშირებს თუ არა ის რუსულ კვალს ამ საქმეში, გუგეშაშვილი გვპასუხობს, რომ ამის შესახებ პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 

რაც შეეხება 48 წლის ზაზა მურჯიკნელს, ის წარსულში ნასამრთლევი და ყოფილი ლეინტენატია. მისი გვარი 2009 წლის მუხროვანის ამბოხს უკავშირდება. ის მუხროვანის ამბოხის დროს დაკავებულ 41 სამხედროს შორის იყო, მათ შორის გენერალ და ამ ჟამად „ოცნების“ დეპუტატ კობა კობალაძეს შორის. „რეზონანსი“ კობალაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 

ზაზა მურჯიკნელმა ციხე 2012 წელს საყოველთაო ამინისტიის შედეგად დატოვა. მას პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

„არცერთ ბრალდებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს. საქმესთან ყოველგვარ შემხებლობას უარყოფს. ამბობს, რომ არც დოდო გუგეშაშვილს და არც მის შვილს არასდროს შეხვედრია და არ იცნობს. 

„ჩვენ ამ დრომდე არ გადმოგვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ. თუმცა ეჭვი მეპარება, რაიმე პირდაპირი მტკიცებულების მაგვარი ჰქონდეს. 

„არსად გაქცეულა. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როდესაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ქმედება, პირი შესაძლოა მიიმალოს და არ გააგრძელოს ცხოვრება იმ ადგილას, იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დასამალი არ ჰქონდა. ამიტომაც, როდესაც მასალებს გავეცნობი, შემდეგ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ. ეს ამბავი მისთვისაც შოკის მომგვრელია და გაოგნებულია, მას ამ საქმესთან რა შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა გიგა ბოგვერაძემ „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება მის წარსულში ნასამართლეობას, ადვოკატი ამბობს, რომ ის ამ საქმეში, როგორდც დანარჩენი სამხედროებიც გამართლდნენ და მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა. 

გამომძიებლის ინფორმაციით კი ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა. 

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი ამბობს, რომ თადარიგის პოლკოვნიკს მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი არ უნახავს და არ ამოუცნია. მისი თქმით, გუგეშაშვილს გამომძიებლები, სავარაუდოდ, ორშაბათს დაუკავშირდებიან. მისთვისაც საქმის მასალებიც არ გაუცვნიათ. 

„გვითხრეს, რომ დაახლოებით ორშაბათს გაგვაცნობენ მასალებს. ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია ვთქვათ, დოდო გუგეშაშვილი სახეზე იცნობს თუ არა, რადგან ისედაც ბუნდოვნად ახსოვდა. ახლა რომ ნახავს, გავიგებთ საერთოდ შეუძლია თუ არა ამოცნობა. 

„ამ ადამიანის სახელი და გვარი დოდო გუგეშაშვილს არაფერს ეუბნება. მე უფრო მეუბნება ეს გვარ-სახელი რამეს, რადგან მუხროვანის ამბოხის საქმეში კობა კობალაძეს ვიცავდი, 41 პირი იყო და ერთ-ერთი ეს გახლდათ. დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, გაეცნო სახელით ზურა და არა ზაზა“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში დოდო გუგეშაშვილს მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2-3-ჯერ შეხვდა და ეს შეხვედრები იმდენად მოკლევადიანი და სპონტანური იყო და იმდენად ცდილობდა ეს პირი სახის დაფარვას, აღდგენაც კი გაუჭირდა ფოტორობოტის შედგენისას.

„რაღაცებს სთავაზობდა, თითქოს საერთო ნაცნობებს უსახელებდა და არც აქცევდა ყურადღებას. წელიწადში ორ-სამჯერ რომ ადამიანს შეხვდები და ისიც რამდენიმე წამით, ვერ დაიმახსოვრებ მის სახეს. როცა ქალბატონი დოდო ნახავს სახეზე, ალბათ შემდეგ გაირკვევა, გაიხსენებს თუ არა საერთოდ, მიამსგავსებს თუ საერთოდ უარყოფს“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×