
„პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში „ენდიაის" და „აირაის" საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ მხარდამჭერებთან ერთად აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სვლაა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაის" და „აირაის" კვლევები მოსახლეობის განწყობას რეალურად ვერ ასახავს და ხშირად რადიკალურად აცდენილია, მისთვის მიუღებელია მათი საქმიანობის აკრძალვა.
„საზოგადოებამ უკვე კარგად იცის მათი კვლევების შედეგები და ვერ ახდენენ საზოგადოების აზრის ფორმირებას. ეს მიზანი შეიძლება „ენდიაის" ცენტრალურ ოფისებს არც აქვთ, მაგრამ ადგილობრივად ხდება-ხოლმე.
„საარჩევნოდ ეს კონკრეტული პარტიის გარკვეული გეზია, პასაჟია მათთვის. მათ გადაწყვეტილებებზე ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი.
„(„ენდიაი" და „აირაი") ფაქტობრივად აცდენილია ყველაზე ძირეულ კვლევას, რომელიც არის არჩევნები, თანაც საკმაოდ დიდი პროცენტით. ეს კი ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, 26 იანვრის აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის" შესახებ ნდობის მაჩვენებელს კონგრესმენებსა და სენატორებს მიაწვდიან.
ამასთან, ინაშვილი ითხოვს, საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა „ენდიაის" საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ.