თამარ შუკვანი
26.01.2020

ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა, სადაც დღეს უკვე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინია გამოცხადებული. კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი თემო ძოწენიძე „რეზონანსთან" საუბრისას ჰყვება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, საინფორმაციო საშუალებებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. ამასთან, შანხაის ჯანმრთელობის კომისიის უწყების ცნობით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის განკურნების ფაქტიც.

ჩინეთის ცენტრალური დრამის აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი, 24 წლის თემო ძოწენიძე ჩინეთში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქალაქ უხანში ერთი კვირის ვადაში დამატებით ორ საავადმყოფოს ააშენებენ დაინფიცირებული ხალხისთვის.

„პეკინში ვსწავლობ, მაგრამ ბოლო სამი დღეა შანდონგის პროვინცია ლაიჯოუში ვიმყოფები. კონკრეტულად ამ ქალაქში ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. სრული სიმშვიდე და სიწყნარეა. პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სადარბაზოებში, ლიფტებში, ქუჩებში. რეალურად რთული სიტუაცია მხოლოდ უხანშია, სადაც პირველად დაფიქსირდა ვირუსი და გარდაცვლილი ადამიანების 98% უხანიდანაა.

„რაც შეეხება სხვა ქალაქებს, რა თქმა უნდა, დაიკეტა მეტროები, კინოთეატრები და ა.შ. არა იმიტომ რომ, სადმე მძიმე სიტუაციაა, უბრალოდ პრევენციულო სამუშაოები ტარდება და ყველანაირად ცდილობენ მეტად გავრცელებას ხელი შეუშალონ. მთელი ქვეყანა მობილიზებულია, მივყვებით ინსტრუქციებს, ვხმარობ პირბადეებს, ვიცავთ პირად ჰიგიენას და არაფერი განსაკუთრებული ჯერჯერობით სხვაგან არ ხდება.

„ბევრი ტყუილი ვრცელდება, რომ ხალხი ქუჩაში ყრია და ა.შ. კიდევ ვიმეორე უხანის გარდა სიტუაცია მძიმე არსად არ არის. ყველგან მიმდინარეობს ანტივირუსული სამუშაოები. რაც შეეხება უხანს, იქ ერთი კვირის ვადაში დამატებით ორ საავადმყოფოს აშენებენ დაინფიცირებული ხალხისთვის. ძალიან დიდი რესურსია მიმართული, იმ ქალაქიდან ხალხის გამოდინება შეუძლებელია. უკვე ყველანაირად ჩაკეტილია უხანიც და გარშემო ქალაქებიც. პანიკაში აქ არავინ არის. რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიტუაცია არაა, მაგრამ რატომღაც საქართველოში უფრო პანიკაში ხართ ვიდრე აქ," - განაცხადა თემო ძოწენიძემ.

რა არის კონორავირუსი?

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც რესპირატორულ ინფექციებს იწვევს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია.

როგორია ახალი ვისურისის სიმპტომები?

ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი.

რას იწვევს კონორავირუსი?

ვირუსი იწვევს პნევმონიას. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×