
ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის ფაქტს „ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შემთხვევას ადარებს და ამბობს, რომ კაცი, რომელმაც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პატიმრობაშია, ხოლო ის დეპუტატები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავისუფლად დადიან, რაზეც საპარალმენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ „პარალელთან დაკავშირებით არაფერს იტყვის".
„ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ხაბეიშვილის ადვოკატი ითხოვს მუხლი ჯგუფურ ძალადობაზე გადაკვალიფიცირდეს. ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნაა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ძალადობის ორგანიზატორი პირების პასუხისგებაში მიცემა.
„მესმის, ხაბეიშვილი ყოველთვის გამომწვევად გამოდის, მაგრამ შენც შესაბამისად უნდა უპასუხო, სიტყვიერად და არა მუშტებით. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ფიზიკური ანგარიშსწორების. ფიზიკურად არავინ არავის არ უნდა შეეხოს. ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციონერი თუ პოზიციონერი, არავითარი განსხვავება არ არის. საქმე აღძრულია და შესაბამისი უწყება იძიებს. როდის დაკავებენ და რა სასჯელი იქნება, უნდა დაველოდოთ," - განაცხადა რევაზ არველაძემ.
ცნობისათვის, 24 იანვარს გაერთიანებული კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებაში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდა.