„მან „ნაციონალებთან" დაკავშირებული მთელი რიგი რთული საქმეები წინ წამოწია. ასე რომ, შესაძლოა „ოცნებას" პროკურატურის საქმიანობის სწორედ ამ მიმათულებით მოქმედების გაძლიერება სურს და ამითაა განპირობებული მისი შესაძლო დაბრუნებაც",- ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ამავე თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებას.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის 17 კანდიდატი წარადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შოთაძეა, რომელიც გასული წლის მაისში ამავე თამნამდებობიდან გადადგა. მის გადადგომას კი წინ უძღვოდა ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციების სერია.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კადრის იმავე თანამდებობაზე დაბრუნება ცუდი სტილია, რაც შემდგომ მის არაეფექტურ მუშაობას განაპირობებს.
„საერთოდ, დაბრუნების პრაქტიკას თავს არიდებენ ხოლმე. შეგახსენებთ, რომ შევარდნაძე რომ წავიდა თანამდებობიდან, შემდეგ ის დაბრუნდა, ოღონდ დაბრუნების შემდეგ მისი მოღვაწეობა გაცილებით არაეფექტური იყო,დაბრუნება ცუდი სტილია.
„თვითონ შოთაძე როგორი იყო, როგორც გენერალური პროკურორი ჩემთვის ძნელი სათქმელია, ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მან „ნაციონალებთან" დაკავშირებული მთელი რიგი რთული საქმეები წინ წამოწია. ასე რომ, შესაძლოა „ოცნებას" პროკურატურის საქმიანობის მოქმედების გაძლიერება სწორედ ამ მიმათულებით სურს და შესაძლოა ამითაა განპირობებული მისი შესაძლო დაბრუნებაც.
„კადრების ნაკლებობა არ არის ხოლმე პრობლემა. მოგეხსენებათ, ამ ხელისუფლების პირობებშიც და ადრეც პროკურორად ადვოკატი არაერთხელ დანიშნეს. შოთაძე რა მიზეზითაც გადადგა, იმის მთავარი ფიგურანტი სარალიძე მის დაბრუნებას მიესალმება, მაგრამ თავისთავად საზოგადოების თვალში ადამიანის ერთსა და იმავე კაბინეტში შემობრუნება მომგებიანი არაა", - განაცხადა საყვარელიძემ.