
„სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დამარცხებით თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნო სვლას უწოდებს და ამბობს, რომ ჟორჟოლიანი მოკავშირეებს ეძებს ალიანსისთვის.
ამასთან, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ „ოცნებამ" ვერ მოახერხა ქვეყანა განვითარების გზით წაეყვანა და რეალურად არც იყო ამისკენ მოწოდებული. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„როგორც პარტიის ხელმძღვანელი, ალბათ, ცდილობს გარკვეული პოლიტიკური ბაზრობის პირობებში, რომელიც ახლა დაიწყო, ვინმესთვის მიმზიდველი იყოს და თუ მარტო არ იქნება, მისთვისაც უნდა იყოს ვიღაც. თუ მარტო გადაწყვეტს, გულშემატკივრებისთვის მოსაწონი უნდა იყოს და თუ ის მართლაც მოახერხებს, ხელისუფლების ალტერნატივად ჩამოყალიბდეს, ამას მივესალმები," - განაცხადა „რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარიას შეფასებით, ხელისუფლება დღეს „მყარად დგას" და ყველაფერს არჩევნების შედეგები აჩვენებს, თუმცა, ჟორჟოლიანი, მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით აქამდე არ გამოირჩეოდა.
„ბატონი გია არის პარტიის თავმჯდომარე, აპირებს გზის, კვალის პოვნას და ამ საარჩევნო წელს სწორედ ამას ვუკავშირებ მის გამონათქვამებს. ადრე მსგავსი რამ მისგან არ იყო გაცხადებული. ბუნებრივი მგონია და ეს მის გარკვეულ ელექტორატზე ყურადღების მიქცევის პროცესია. „ოცნება", როგორც ჩანს, ამაში კარგად ჯდება. რადგან „ნაცმოძრაობასთან" ვერ მივლენ და ვერ „აეტმასნებიან", ამდენად არის მეორე ვარიანტი - არც ესენი, არც ისინი და იქნებ აქ რაღაც მოხდეს. სინამდვილეში როგორ მოხდება, არჩევნები გვიჩვენებს.
„ქართული ოცნება" მყარად არის, მიუხედავად გარკვეული უზუსტობების. მას დიდი ღალატი ქვეყნის წინაშე არ ჩაუდენია, არც საბედისწერო შეცდომა არ ყოფილა. თუ არ ჩავთვლით გადაცდომებს 20 ივნისის ღამეს, მაგრამ მაშინაც შტურმი იყო დაგეგმილი.
„მეორე შეცდომა მიმაჩნია ის, რომ მანამდე ასეთი პათოსით საუბარი პროპორციულზე არ იყო. დანარჩენში „ოცნება" მყარად დგას და ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს და არ გია ჟორჟოლიანი," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.