მსოფლიოსათვის ახალი საფრთხე, კორონა ვირუსი, არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ ფინანსურ და სასაქონლო ბირჟებსაც ემუქრება. უარყოფითი ზეგავლენა და რყევები უკვე თვალსაჩინოა. აზიის საფონდო ბირჟებზე ინდექსებს შეუქცევადი კლების ტენდენცია აქვს, ხოლო ნავთობი, 8 იანვრიდან 27 იანვრამდე 11 დოლარით გაიაფდა.
ჩინეთში ინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 80-ზე მეტია. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის საზღვრებს გასცდა და რამდენიმე ქვეყანაში შეაღწია: ტაილანდი, ტაივანი, იაპონია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, აშშ, საფრანგეთი, ავსტრალია, მალაიზია, ნეპალი, კანადა, რუსეთი, უკრაინა.
გარდა იმისა, რომ კორონა ვირუსი, არის საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოს ემუქრება და ყველა ქვეყნას გაძლიერებული აქვს აქცენტი ჯანდაცვაზე, ვირუსმა უკვე გამოიწვია რყევები ეკონომიკაშიც.
ნავთობის ფასი 8 იანვრიდან დღეის მდგომარეობით 69 დოლარიდან 58 დოალრამდე დაეცა.
გარდა ნავთობის ფასისა, ვარდნა შეინიშნება აზიის საფონდო ბირჟების ინდექსებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ზღუდავენ იმპორტს ჩინეთიდან, მათ შორის, ჩვენი მეზობელი სომხეთიც. 26 იანვრიდან, ერევანმა ჩინეთიდან ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტების და ჩინური ნედლეულისგან სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტის იმპორტი აკრძალა.
ამის შესახებ განკარგულება სომხეთის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა გამოსცა.
ფინანსისტი, გოჩა თუთბერიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ დღეს, ფინანსური სამყარო იმდენად გლობალიზებულია, რომ ვირუსის შედეგებს, ასახვა არა მხოლოდ აზიის, არამედ მთელი მსოფლიოს საფონდო, სასაქონლო და ფინანსურ ბირჟებზე ექნება.
"ფინანსურ ბაზრებზე აუცილებლად ჰპოვებს ასახვას როგორც ეპიდემიები, ასევე სტიქიური უბედურებები და სხვა კატაკლიზმები. საფონდო ბირჟებზე, ასევე სასაქონლო ბირჟებზეც ვარდნა აშკარაა. მით უფრო, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. როცა საუბარია, რომ ჩაიკეტოს ეს გზა ან შეიზღუდოს იმპორტი სანამ ვირუსი მძვინვარებს, ამაზე ბაზრის მონაწილეები ძალიან ნერვიულობენ.
ჩინეთი, ნედლეულის უმსხვილესი მომხმარებელია, როგორც ნავთობის, ასევე ლითონების, წიაღისეულის და ა.შ. ასე რომ, პანიკა იმოქმედებს ყველა ბაზარზე. საფონდო ბირჟაზე უკვე აქვს მკვეთრად უარყოფითი გავლენა და აქ, მხოლოდ აზიის ბირჟები არ იგულისხმება, ეს გადაედება ამერიკისა და ევროპის საფონდო ბირჟებსაც. დღეს სამყარო და მით უფრო ფინსნაური სამყარო, გამოკვეთილად გლობალიზებულია, ამიტომ ძალიან მოკლე პერიოდში იქნება ასახვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა საკმაოდ მჭიდრო და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც, ჩინეთი, მაინც არ არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ამიტომ, საქართველოზე არავითარი დრამატული გავლენა არ ექნება, მაგრამ დღეს სამყარო იმდენად გადაჭდობილი და გლობალიზებულია, რომ გამორიცხულია ასახვა რაღაც დოზით არ მოხდეს ჩვენთანაც”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" თუთბერიძემ.
საქართველო ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა ციფრებში ასე გამოისახება: 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით გაიზარდა და 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8%-ით ნაკლები).
"საქსატატის" თანახმად, 2019 წელს ჩინეთიდან 858.6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა საქართველოში და ამ მაჩვენებლით ეს ქვეყანა საიმპორტო ბაზრების სამეულშია თურქეთისა და რუსეთის შემდეგ. 2017 წელს ჩინეთიდან იმპორტმა 732.6 მლნ დოლარი შეადგინა, 2018 წელს კი 833.9 მლნ დოლარი.
"ფინექს 1970"-ისანალიტიკოსი, ნიკა შენგელია ყურადღებას ნავთობის ფასის კლებაზე ამახვილებს და ნეგატიურ პროგნოზებზე საუბრობს, რომელსაც კორონავირუსის ეპიდემიას მოჰყვება, თუკი მისი შეჩერება ვერ მოხერხდება.
,,შემცირდა მგზავრთა ნაკადი ჩინეთის მიმართულებით. ბოლო მონაცემი არ არსებობს, თუმცა რეალობა ასეთია, რომ ჩინური საქონლის იმპორტზეც საკმაოდ ბევრი ქვეყანა იკავებს თავს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოქმედებს სასაქონლო ბირჟებზე და ნავთობის ფასზეც.
თუ ვითარება მალევე დასტაბილურდა, ანუ 2-3 დღეში, ეს რყევა მაინც გასტანს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. მაგრამ თუკი ფორსმაჟორული ვითარება გახანგრძლივდება, რასაკვირველია, ნავთობის ფასიც გააგრძელებს კლებას.
ამას გარდა, აზიის საფონდო ბირჟებზე, ინდექსებიც დაწეულია და თუკი მოიმატებს საშიში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ეს აუცილებლად აისახება კიდევ უფრო მეტადაც”, - განუცხადა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.
თანდათან შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მთავრობაც. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა. განცხადება, სამინისტრომ 27 იანვარს, დღის ბოლოს გაავრცელა. უმეტესად საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუს და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა.