ორშაბათს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, რომელზეც სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. დღეს მოგვიანებით დაგეგმილია, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის გამოსვლა.
მანამდე კი ორშაბათს პასე-მ ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩია.
სულ არჩეულია, არც მეტი არც ნაკლები, 18 ვიცე-პრეზიდენტი, რომელთა შორის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე გახდა.
პრეზიდენტად კი ლიბერალური კოალიცია ალდეს წარმომადგენელი, ბელგიელი ჰენდრიკ „რიკ" დამსი გახდა. ამ თანამდებობაზე მან ლილიან მარი პასკიე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლის ივნისიდან იკავებდა.
სულ ამ სესიაზე ორი პრეზიდენტის გამოსვლა იგეგმება. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მეორე დღეს, ოთხშაბათს, ასამბლეის წინაშე მოლდოვის პრეზიდენტი, იგორ დოდონი წარსდგება.
ორშაბათის სესიაზე გამორჩეული იყო უკვე მრავალი წლის წინ ტრადიციად ქცეული სიტყვიერი დაპირისპირება სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს შორის.
ორშაბათსვე სესიამ მოისმინა ბრიტანეთის წარმომადგენლის, ლორდ დევიდ ბლენკარტას მოხსენება ბელარუსის არჩევნებზე, სადაც ამ ქვეყნის მთავრობა მკაცრად არის გაკრიტიკებული არადემოკრატიული კენჭისყრის ჩატარებისთვის. ამაზე ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ „არჩევნები ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის ტარდება და არა გარე ძალებისთვის."
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის განხილვისას ბელორუსის სასარგებლო განცხადებები გააკეთეს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის წარმოადგენლებმა.
რაც შეეხება სესიის მთავარ საკითხს, სტრასბურგში მოელიან, რომ დიდი დაპირისპირება მოხდება სამშაბათს პოლონეთში სიტუაციის განხილვისას, სადაც ამ ქვეყნის მთავრობას კრიტიკის ნამდვილი ქარ-ცეცხლი დაატყდება თავს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წელიწადში ოთხჯერ ტარდება სტრასბურგში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად 47 წევრი ქვეყნის დელეგაცია იკრიბება. საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა ირაკლი კობახიძე, წევრები კი არიან ირაკლი ბერაია, სოფიო კილაძე, კახაბერ კუჭავა, ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი და ნინო წილოსანი (ყველა „ოცნებიდან"), ასევე „ევროპული საქართველოს" წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი, და გელა მიქაძე „პატრიოტთა ალიანსიდან".