„ოცნება" შიდა პარტიულ კვლევებს ყოველთვის ატარებს, მაგრამ ამ კვლევის შესახებ არ მსმენია. რომ ჩატარებულიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ორშაბათს გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულ შიდა კვლევის შედეგებზე.
„ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცლებს კვლევის შედეგებს, რომელიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარდა და ამის შესახებ კარგად იცის თავად ბიძინა ივანიშვილმა. კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 25% მხარს უჭერს მმართველ პარტიას, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას", 10% - „ლელოს" და 5% - „ლეიბორისტულ პარტიას".
„არჩევნების პერიოდში ყველა პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში დგას, რომ თავისი უპირატესობა აჩვენოს, თუნდაც კვლევების სახით, მაგრამ ამ შედეგებს პასუხი შემოდგომაზე გაეცემა. რაც შეეხება თავად „ოცნებას", მმართველი გუნდი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, რა თქმა უნდა გულხელდაკრეფილი არ არის და ისეთი დიდი ორგანიზაცია, როგორც „ოცნებაა", შიდა პარტიულ კვლევებს ყოველთვის ატარებს; მაგრამ ამ კონკრეტული კვლევის შესახებ, რომელიც თითქოსდა „ოცნებაში" ჩატარდა, არ მსმენია. რომ ჩატარებულიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა", - განაცხადა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ.