სკანდალური კომპანია შეთანახმებას ყველა მიმართულებით არღვევდა
ირაკლი ლომიძე
27.01.2020

ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა“ საქართველოს წინააღმდეგ დავას აგრძელებს. საქმე ეხება კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების მუხლების დარღვევას და  ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებულ დავალიანებას, რომლის გადახდასაც ,,ფრონტერა“ თავს არიდებდა. ამ დროს კი ირკვევა, რომ კომპანია თავად არღვევდა ყველა პირობას არა მარტო სახელმწიფოსთან, არამედ თავის თანამშრომლებთანაც კი.

2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ 2018 წლის ივლისში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ „ფრონტერას“ მიერ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო საარბიტრაჟო დავა დაიწყეს. 2018 წლის სექტემბერში კი „ფრონტერამ“ საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და ქართული მხარისგან მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა.

კომპანია სარჩელში 2012-2017 წლების „მიუღებელი მოგების“ ანაზღაურებას ითხოვს, რასაც 3.5 მილიარდ დოლარად აფასებს. 2019 წლის იანვარში „ფრონტერა“ ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან მოიხსნა. კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო მითითებული. კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2018 წლის 6 თვეში 1 832 407 დოლარს, ხოლო სრული ზარალი კი - 6 978 138 დოლარს შეადგენდა.

იმ ფონზე, როცა მხარეები დავობენ, ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია-ს“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. ამ მიზეზით 100-მდე ადამიანი დედოფლისწყაროში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ჭიშკართან ცოცხალი ჭაჭვი შეკრეს. ამბობენ, რომ ვიდრე დავალიანებები არ ჩაირიცხება, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

ადგილობრივები ამერიკელი კონრესმენის მარკუეინ მალენის წერილსაც გამოეხმაურნენ და მას პოლიტიკური უწოდეს. შეკრებილების თქმით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ფრონტერას“ გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა კონგრესმენი მალინი.

„ჩვენი გენერალური დირექტორი ამერიკაში იმყოფება და კონგრესმენ მალინს არასწორ ინფორმაციას ავრცელებინებს „ფრონტერას“ შესახებ. თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის ამერიკულ კომპანიების საქართველოში საქმიანობას, რაც არის დიდი სიცრუე და ტყუილი. პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად გვეხმარება. სათავე აქედან იწყება, აკეთებენ ისე, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რაც ჩვენთვის სრულად მიუღებელია. ვიღაცას სურს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ჩამოვიდნენ აქ და სიტუაციაში ადგილზე გაერკვნენ“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, „ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. ის იმედოვნებს, რომ პროცესი დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდება.

დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით კომპანიის მენეჯერმა, გიორგი ჯანიაშვილმაც განაცხადა, მისი ინფორმაციით, „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა მოიძიებს თანხებს და დავალიანებებს სრულად აანაზღაურებს. კომპანიას 84 თანამშრომლის,  11-თვიანი, ჯამში  მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. თანამშრომლებმა სასამართლოში ერთი თვის წინ იჩივლეს.

"ფრონტერასთნა" დაკავშირებულ პრობლემას გუშინ, ბრიფინგზე დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა. ოფიციალური წერილით მან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა. როგორც დეპუტატი აღნიშნვს, იგი თვალყურს ადევნებს აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებს, რომელიც ერთი მხრივ მიმართულია ქართველი ხალხის გაძლიერებისკენ, მეორე მხრივ კი ამართლებს ამერიკული კომპანიების არასწორ ნაბიჟებს.

„დიდი წუხილით ვაკვირდები აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილებს, რაც, ერთი მხრივ, მიმართულია ქართველი ხალხის გაძლიერებისკენ, მაგრამ, მეორე მხრივ, იცავს ამერიკული კომპანიების ინტერესებს, განურჩევლად მათი საქმიანობისა. ამ შემთხვევაში საუბარია ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერაზე“. მივესალმები უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში, რომლებიც ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და გვეხმარებიან სიღარიბის დაძლევაში. თუმცა, მოვითხოვ რომ, როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კომპანიების ნებისმიერი ტიპის ბიზნეს აქტივობამ, თანაბარი სარგებელი მოუტანოს დასაქმებულსაც და ბიზნესსაც. არ შეიძლება ბიზნესი ვითარდებოდეს ქართველი ხალხის, ჩვენი მშრომელი მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×