
მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა. ამ გადაწყვეტილებას კი პანკისში შესაძლოა საპროტესტო აქციები მოჰყეს. ამის შესახებ „რეზონანსს" პანკისის ხეობის მკვიდრმა, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილი განუცხადა.
მისივე თქმით, პანკისში ამას სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვება და პანიკესელი იბრძოლებენ იმისთვის, რომ სიმართლე დაამტკიცონ.
„ორი აზრი არ არსებობს - რა თქმა უნდა, იქნება უკმაყოფილება. ცხადზე ცხადია, რომ, როგორც თეთრზე შავი ძაფია შეკერელი, ეს არის სიცრუე. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მსგავსი განაჩენის გამოტანა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.
„თავისთავად იქნება უკმაყოფილება. რა დონის და როგორ, ამის წინასწარ კომენტირება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ხალხი რომ თავისი სიმართლისთვის იბრძოლებს, ეს ფაქტია" - აცხადებს ხანგოშვილი.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამ გადაწყვეტილებას პანკისში საპროტესტო აქციები მოჰყვეს, დასძინა, რომ „შესაძლოა, არ გამოვრიცხავ, რომ მოყვეს".