„ეს პროექტი თვითონ რუსებსვე დააფიქრებს იმის თაობაზე, რომ გადმოკვეთონ თუ არა საოკუპაციო ხაზი და აქედან გაიტაცონ თუ არა ადამიანები", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა,მისი და მისი მეგობრის მიერ შექმნილ ე.წ. „SOS ღილაკს", რომელიც, მისი თქმით, ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების გატაცებას შეამცირებს.
ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე თითო სოფელს ათი „SOS ღილაკი" გადაეცემა, რომლის მეშვეობითაც მორიგეობით ისარგებლებენ.
„ამ პროექტის შემსრულებელი ჩემი მეგობარი გიორგი რუხაძეა, პროექტის არსი გატაცებების პრევენციაა. დავუშვათ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები ნახირში გადიან, ან ტყეში ფიჩხზე შედიან, ან ჯინჯოლის საკრეფად გადიან და ა.შ. როგორც წესი, რუსი ოკუპანტები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და აქედან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, შემდგომში თავის ე.წ. ბანერებთან მიჰყავთ, სურათებს უღებენ და შემდგომ ამას ასაღებენ ე.წ. თავიანთ „საზღვრის" დამრღვევად. ზუსტად ამის პრევენციისთვისაა ეს პროექტიც.
„ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ოკუპანტს ადამიანების ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცება დაუმტკიცოს. ამ „SOS ღილაკის" ძირითადი ფუნქცია ისაა, რომ შევქმნათ ის დოკუმენტური ბაზა, რომელიც რუს ოკუპანტებს იმის საშუალებას გამოაცლის, რომ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ადამიანები გაიტაცონ.
„ეს ღილაკები საოკუპაციო ხაზთან სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს დაურიგდებათ, რომლებიც, როგორც წესი, გარეთ ნახირში ან ტყეში გადიან. სამწუხაროდ, ყველას ვერ დაურიგდება, ერთ სოფელს ათი ასეთი ღილაკი მიეცემა და მორიგეობა იქნება. შესაბამისად, ადამიანებს მიეცემა საშუალება, რომ ღილაკი თან წაიღონ, რომლებიც კონკრეტულ საქმეზე გარეთ გავლენ.
„როდესაც დაინახავენ, რომ რუსი ოკუპანტები მათი მიმართულებით მოძრაობენ, ისინი სამი წამის განმავლობაში „SOS ღილაკს" თითს აჭერენ და ჩვენ სიგნალით შეგვატყობინებს, რომ ფორსმაჟორული ვითარებაა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გატაცების რისკის ქვეშაა, რისი მეშვეობითაც გატაცების რისკის ქვეშ მყოფი პიროვნების ზუსტი კოორდინატი იგზავნება.
„ჩვენ უკვე ხელთ გვექნება ის დოკუმენტი, რომელიც გვეუბნება, თუ რა წერტილიდან იქნა გატაცებული ადამიანი, რაც უკვე შემდგომში ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში საუბრისას, ერგნეთის თუ ჟენევის შეხვედრები, დამატებით დოკუმენტს მოგვცემს იმაზე აპელირებისზთვის, რომ რუსი ოკუპანტები ჩვენივე კონტროლირებად ტერიტორიებიდან ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ", - განაცხადა ქაცარავამ.
მისივე თქმით, ამ პროექტის შესახებ საქართველოს პოლიციასთან და უსაფრთხოების სამსახურთან ჰქონდათ, თუმცა ისინი მხოლოდ დადებითი შეფასებით შემოიფარგლნენ.
„ეს პროექტი თვითონ რუსებსვე დააფიქრებს იმის თაობაზე, რომ გადმოკვეთონ თუ არა საოკუპაციო ხაზი და აქედან გაიტაცონ თუ არა ადამიანები.
„ამ პროექტის განხორციელება რეალურად ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშეც შეგვიძლია, რადგან არ გვაქვს იმის იმედი, რომ ამ პროექტში მხარს დაგვიჭერს. ჩვენ მათთან ამაზე საუბარი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საუბრად დარჩა, ამიტომ ეს ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს, ვგულისხმობ კერძო სექტორის, ბიზნესის და აქტიური მოქალაქეების მხარაჭერას.
„ღილაკების დარიგების კონკრეტული დრო დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოხდება ფინანსების მობილიზება, თავისუფალი ფინანსები საკმაოდ რთული მოსაძებნია, ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ პრეზენტაციას, რომ შემდგომში ფულის შეგროვება და ამ პროექტის განხორციელება მოხერხდეს.
„პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენლებთან ჩვენ საუბარი გვქონდა. ისინი ამ პროექტს ნაკლს ვერ უძებნიან, ზოგადი მოწონება და დადებითი შეფასება ამ პროექტისა მათი მხრიდან მივიღეთ, რადგან ამ პროექტმა შესაძლებელია, რომ გატაცებების რაოდენობა გაანახევროს მაინც, თუმცა მხოლოდ დადებითი შეფასება არაფერს ნიშნავს, თუ შემდგომში ამ პროექტის განხორციელება არ მოხდა.
„ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ფასდაუდებელი ინფორმაცია იქნება, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ოკუპანტებს მშვიდობიანი ხერხებით ებრძოლოს. თუმცა ამის ილუზია, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, უკვე აღარ მაქვს, ჩვენ ჩვენი ძალებით ვიბრძვით. პროექტის დეტალური პრეზენტაცია ავტორთან ერთად პარასკევს საღამოს 19:00 მოხდება", - განაცხადა ქაცარავამ.