თამთა ჩაჩანიძე
28.01.2020

 „ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორი და სამართლიანია, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ევროპასთან ურთიერთობა გვინდა, ეს ხალხი რომ პირდაპირი ვიზიტით საქართველოს ხელისუფლებასთან ჩამოდიოდეს, ეს სხვა თემაა, მაგრამ ისინი აქ ევროპის ეგიდით ჩამოდიან და ჩვენ ვალდებული ვართ მივიღოთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას , რომ მაისში ევროსაბჭოს ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია მიიღოს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ „ოკუპაციის კანონის" მოქმედება დროებით შეაჩეროს რუსეთის ოფიციალური დელეგაციის იმ წევრებისათვის, რომლებიც 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ჩამოვლენ და რომლებიც შესაძლოა მანამდე საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად აფხაზეთში ან ე.წ სამხრეთ ოსეთში იყვნენ ნამყოფი.

„საქართველო მიიღებს ევროპის საბჭოს ქვეყნების დელეგაციებს და ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს გადააბიჯოს საკუთარ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უკრძალავს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხდება თბილისის გავლით. ეს კანონი („კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" - რედ.) შესაძლოა შეხებოდა რუსეთის დელეგაციის ზოგიერთ წევრს", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში გამოსვლისას განაცხადა.

ძაბირაძე ხელისუფლებას გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ რუსული დელეგაციის ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლა კიდევ ერთი დასტური იქება იმისი, რომ ჩვენ ოკუპაციის პრობლემის გადაჭრა მშვიდობიანი გზით გვინდა.

„გამიჭირდება იმის თქმა, თუ ამას საზოგადოება როგორ მიიღებს, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება, იმიტომ,რომ თავისთავად ამ პრობლებისადმი დამოკიდებულებაა არაერთგვაროვანი - წმინდა ლოიალური, შემრიგებლური პოზიციიდან დაწყებული, რადიკალიზმამდე და ლამის სამხედრო ავანტურამდე დამთავრებული.

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორი და სამართლიანია, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ევროპასთან ურთიერთობა გვინდა. ეს ხალხი რომ პირდაპირი ვიზიტით საქართველოს ხელისუფლებასთან ჩამოდიოდეს, ეს სხვა თემაა, მაგრამ ისინი აქ ევროპის ეგიდით ჩამოდიან და ჩვენ ვალდებული ვართ მივიღოთ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეიძლება დაშვებული იქნას გამონაკლისი დროებით ამ პირთა მიმართ.

„არ მგონია ამით ქვეყანა დაინგრეს და ამასთანავე კიდევ ერთი დასტური იქნება იმისი, რომ ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა მშვიდობიანი გზით გვინდა, ეს ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამ სურვილის ერთგვარი გამოვლინება იქნება.

„ერთია სახელმწიფოს და ხელისუფლების მიდგომა და მეორეა საზოგადოების პროტესტი, სადაც ტოლობის ნიშანს არ ვსვამ, ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თუ საზოგადოებაში არსებობს განწყობა იმისი, რომ ამის მიმართ პროტესტი გამოხატონ, უნდა გამოხატონ, ოღონდ ესეც ცივილური გზით უნდა მოხდეს.

„პროტესტის გამოხატვის ფორმები არსებობს და თუ ამ ფორმებში ჩაეტევიან, მე ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით ეს შესაძლოა კიდევ ერთი გამოვლინება იყოს იმისი, რომ ჩვენ ცივილურად ვაპროტესტებთ იმ ფაქტს", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×