
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველო მზადაა თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს ოკუპაციის კანონი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რევაზ არველაძისთვის მისაღებია. მისი განცხადებით, აუცილებელია მოლაპარაკების ახალი ფორმატი შეიქმნას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაალაგებს, თანაც დღეს უკვე „ბუტიაობის დრო არ არის."
28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატთა კითხვებზე პასუხისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ოკუპაციის კანონის" გვერდის ავლით, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. მისივე თქმით, მოუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ის პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს.
„მისაღებია. რაღაც ფორმატი უნდა არსებობდეს. არაფერს იძლევა არც ჟენევა, არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი. იქნებ რაღაც დაიძრას. გვახსოვს იყო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და თითქოს დათბობა დაიწყო, შემდეგ ისევ შეჩერდა.
„ეს ბუტიაობა სწორი არ არის. ხალხი ერთმანეთთან ნამდვილ ომში არის და იქაც კი ხვდებიან დელეგაციები ერთმანეთს.
„ოკუპაციის კანონის" გვერდის ავლით იმიტომ ხდება, რომ ამ ფორმატის მონაწილე არის ორივე მხარე. მაშინ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ შემადგენლობიდან," - განუცხადა არველაძემ „რეზონანსს".
იგი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ მსგავს საკითხებს ერთი ადამიანი არ და ვერ გადაწყვეტს.
„რა თქმა უნდა, ერთის გადასაწყვეტი არ არის. ვამბობ, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე იქნება. ან როდის იყო, რომ ასეთი რაღაც ერთი ადამიანის მოთხოვნით ან აზრის გათვალისწინებით ხდებოდა?" - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა მინისტრების დონეზე 14-15 მაისს თბილისშია დაგეგმილი, რადგანაც მინისტრთა კომიტეტრი თავმჯდომარე ქვეყანა ამ დროისათვის საქართველოა.