კვლევითი ორგანიზაციები და ფინანსისტები დადებით პროგნოზს ვეღარ აკეთებენ
ნინა გარდაფხაძე
29.01.2020

გასული წლის ბოლოს, ლარის გამყარებამ, გააჩინა იმედი და მოლოდინი, რომ ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდებოდა. თანაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარე წლის დასაწყისიდან უნდა ასახულიყო კურსზე, თუმცა დღეს სრულიად საპირისპირო ვითარებაა. ლარი გამყარების ნაცვლად უფასურდება და უკვე 2.90-იან ნიშნულს გადააჭარბა.

ფინანსური ბაზრის არერთი მკვლევარის პროგნოზით, 2020 წელს  ეროვნული ვალუტა უნდა გამყარებულიყო. ამის შესახებ მოსაზრება პირველმა "თიბისი რისერჩმა" გამოთქვა. ორგანზიაცია წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-მდე შემცირებასაც ელის, რადგან კურსი გამყარდება და ფასებზე გავლენა აღარ ექნება.

„ინფლაციის მაჩვენებელი თავის სამიზნე მაჩვენებელს 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები ამერიკული დოლარის მიმართ სტაბილურობას აჩვენებს, ველით, რომ ლარის კურსი დაახლოებით 2.75-იან ნიშნულთან დაბალანსდება.

სავარაუდოდ, 2020 წელი აქტიური იქნება ინტერვენციების კუთხითაც. თუკი ლარი გამყარებისკენ წავა, ხოლო ინფლაციის დონე შემცირდება, მოსალოდნელია, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა განახორციელოს, რათა რეზერვების მოცულობა გაზარდოს“, - აღნიშნულია "თიბისი რისერჩის"

,,რეზონანსი” კვლევით ორგანიზაციას ახლაც დაუკავშირდა, თუმცა ,,თიბისი რისერჩი” მომავალ კვირამდე ბაზარზე არსებულ ვითარებას აკვირდება და იქამდე ანალიზის წინასწარ გაკეთებაზე უარს აცხადებს. 

საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტის" ანალიტიკოსებიც გაცვლითი კურსის მაჩვენებელს 2.80-ს დაბლა ვარაუდობდნენ. ამჟამად ისინი სავალუტო ბაზარზე არსებულ არასტაბილურობას საგარეო ფაქტორს უკავშირებენ, რომელიც, ეკონომიკურ ფაქტორებზე ამ დრომდე არ ასახულა. 

,,ლარმა გაუფასურების პიკს 2019 წლის 27 სექტემბერს მიაღწია, როცა დოლართან მიმართებაში 2.98 ნიშნულზე დაფიქსირდა. შემდგომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და სებ-ის მხრიდან სხვა ღონისძიებების გატარების შედეგად, იგი ეტაპობრივად მყარდებოდა და 2019 წლის 11 დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე დოლარის მიმართ დასტაბილურდა 2.90-ის ნიშნულის ფარგლებში. 

ლარის გამყარების ტემპზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ამ ეტაპზე იანვრის ეკონომიკური მაჩვენებლები უცნობია, თუმცა ინფორმაცია ზამთრის ტურისტული სეზონის ჩავარდნასთან დაკავშირებით და ჩინეთის კორონავირუსის ეპიდემიაზე მსოფლიოში არსებული გაურკვევლობა, სავარაუდოდ, ნეგატიურ მოლოდინს აყალიბებს, რაც გაცვლით კურსზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს”, - განუცხადეს ,,რეზონასს” ,,გალტ ენდ თაგარტში”. 

სპეცაილისტები კი პროგნოზის საიმედოობას ეჭვქვეშ აყენებენ. ფინანსისტი, დავით წიქარიძის აზრით, როცა ლარი ხელოვნურად იყო დასტაბილურებული, მისი მერყეობა ბუნებრივია. 

,,კურსი ხელოვნურად ეჭირათ. არაფერი შეცვლილა ეკონომიკაში, როცა გამყარება დაიწყო, უბრალოდ, საახალწლო პერიოდი იყო, როცა ლარზე, მოთხოვნა ისედაც იზრდება. ამიტომ ვერავინ იტყვის, როდის აიშვებს ლარი. მთავარი ვალუტისთვის სტაბილურობა და შინაგანი რწმენაა, რამაც ეროვნული ვალუტის მდგრადობა უნდა განსაზღვროს. დღეს არც ერთი ფაქტორი ფაქტორი მუშაობს და არც - მეორე. 

ხარჯი გაზრდილია აბსოლუტურად ყველა მიმართულობით, განსაკუთრებით ბიუროკრატიული, რაც უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შემოდის ინვესტიციები, ქვეყანა ვერ ვითარდება. პრაქტიკულად, არაფერი ჩანს, რაც გვაფიქრებს, რომ უკეთესობისკენ მივდივართ. მოსახლეობა ღარიბდება, ფასები მატულობს და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. 

ადრე ხან თურქულ ლირას მიიჩნევდნენ ლარის გაუფასურების მიზეზად, ხან - რუბლს და ჩინურ იუანსაც კი. სინამდვილე აბსოლუტურად სხვაა. ეკონომიკური პრობლემები მოდის ცუდი მენეჯმენტის, დაუგეგმავი ბიუჯეტის და არამიზნობრივი ხარჯების გამო. 

ბიუროკრატია არის სამჯერ შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტინგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს. ლარი გაუფასურების შეჩერების ვერანაირ მექანიზმს ვერ ვხედავ. უარესის მოლოდინი უნდა გვქონდეს, სტაბილურობისგან ძალიან შორს ვართ", - აღნიშნა წიქარიძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×