თამთა ჩაჩანიძე
29.01.2020

 „აქტიურ პოლიტკურ სეზონში ვართ 1992 წლიდან და მანამდეც, ამიტომ გახარიას ფრაზაში განსაკუთრებულ იდუმალ შეტყობინებებს და სიტყვებს შორის კავშირს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი ფრაზაა, ერთგვარი ფსევდოწინასწარმეტყველები რომ არიან, მომხდარის შემდეგ, რომ იტყვიან ხოლმე, დაახლოებით ასეთი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ შესაძლო სამთავრობი ცვლილებებზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარს.

„ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ. „დასპოილერება" მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე.

„უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც" ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის", - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

გამზარდია ამბობს, რომ გახარიამ სიტყვებში „აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ" მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდი იგულისხმა, რადგან, მისივე თქმით, ის სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღები პირი არაა და ვერც ღრმა აზრს ვერ ჩადებდა.

„გახარიას ერთგვარი მეგრული არტისტიზმი ახასიათებს. ვეჭვობ, რომ მის განცხადებაში რაიმე ღრმა იდეა ყოფილიყო ჩადებული, რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ გახარია მთელი რიგი პროცესების საქმის კურსში იყოს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს ის, რომ ღარიბაშვილი გადადგა მაშინ, როდესაც მას თავისი სახელით და გვარით მოსაწვევები ჰქონდა დარიგებული და მოსაწვევების დროს ის უკვე პრემიერი აღარ იყო; გვახსოვს, რომ პრემიერი კვირიკაშვილიც უცებ, თვითონაც რომ არ იცოდა იმ დროს გადადგა და ასევე მამუკა ბახტაძეც.

„ვეჭვობ, რომ გიორგი გახარია შესაძლო ან არსებული გადაწყვეტილებების პროცესში ღრმადაა ჩართული, მით უმეტეს ამ გადაწტყვეტილებების მმართველი პირი იყოს და ამიტომ შესაბამისად რაღაც „ნამიკოებს" ისროდეს. რაც მან თქვა, არაფერი განსაკუთრებული არაა, წინასაარჩევნო პერიოდია და შესაძლოა მან „აქტიურ პოლიტიკურ სეზონში" საერთოდ არაფერი არ იგულსხმა და შესაძლოა საარჩევნო პერიოდი კოხტად და არტისტულად გამოხატა. გახარიას თქმა რად უნდა იმას, რომ აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ", - განაცხადა გამზარდიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×