რეზონანსი
29.01.2020

ეს არის ისტორია, რომელიც სხვა ადამიანებს ცხოვრების ხალისს დაუბრუნებს. სასოწარკვეთაში მყოფებს იმედს ჩაუსახავს და ბრძოლისუნარიანს გახდის. მათ კი, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი დამთავრდა ცხოვრების თავიდან დაწყებაში დაეხმარება.

ამ ყველაფრის მოტივატორი კი, 28 წლის თელაველი მაგდა ბეჟანიშვილია, რომელმაც არაერთხელ დაამსხვრია მითი შეზღუდულ შესაძლებლობებზე. მართალია, ის მზეს ვერ ხედავს, თუმცა, ხედავს ყველა იმ უხილავს, რასაც მხედველი ადამიანი ვერ ამჩნევს.

3 წლის იყო, როცა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ თვალზე პრობლემები ჰქონდა. მოატარეს მთელი საქართველო, მერე, ლონდონშიც წაიყვანეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხედველობა ორივე თვალში დაკარგა.

"დედაჩემმა, ბაღში უნდა მივიყვანო უეჭველიო და ბარიერების გარეშე დავამთავრე ბაღი. პატარა ვიყავი და სტრესსაც მალე გავუმკლავდი. დადგა სკოლის დროც. დედამ, ანბანის წერა მასწავლა. ვწერ თუმცა ასიმეტრიულად და შესაბამისად, მახინჯურადაც. გაკვეთილს წასაკითხად რომ გვაძლევდა მასწავლებელი, მე ზეპირად ვიცოდი. გაკვეთილზეც თავდაჯერებულს მეკავა წიგნი და მჯეროდა, რომ ვკითხულობდი. მესამე კლასი რომ დავამთავრე, დედამ აღმოაჩინა, რომ თბილისში, სპეცსკოლა იყო უსინათლოებისთვის. სექტემბერი რომ მოახლოვდა, დედამ და მამამ დამისვეს, ამიხსნეს, რატომ უნდა წავსულიყავი სახლიდან და მესწავლა. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, გამიჭირდა, ვერ ვპატიობდი მშობლებს. სულ ვტიროდი, მენატრებოდა სახლი, მეგობრები, ხეები, სადაც ვძვრებოდი და მჯეროდა, რომ მზეს ვუახლოვდებოდი. დედა პარასკევს მოდიოდა და დასვენების დღეებისთვის სახლში მივყავდი. სკოლაში საცხოვრებელი ოთახებია და იქ ვრჩებოდით რეგიონიდან ჩასულები.

10 წლის ვიყავი, როცა ეს ბარიერი ამიშენეს მშობლებმა და სადღაც 1 თვეში დავანგრიე. დავიწყე ბრაილის შესწავლა, აქტიურად ვიღებდი გაკვეთილებში მონაწილეობას. 10 წლიდან დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, თუმცა, რა საჭირო იყო, მაგას ვერ ვხვდებოდი. გამოვიარე, როგორც კარგი, ისე რთული წლებიც. სკოლაში ერთი ნავთის კერასინკა იყო და მთელი სკოლა, იმით ვთბებოდით. კვება გულისამრევი იყო. ჰიგიენა არ არსებობდა, მხოლოდ კვირა საღამოს გვაძლევდნენ წყალს და იმასაც, ცოტას.

გადიოდა წლები და მეგობრებიც ბევრდებოდნენ. ბევრდებოდა გულის ტკენა, ღალატი და შური. მეხუთე კლასში რომ ვიყავი, სიყვარული ამიხსნეს. ეს ბიჭი ყველა გოგოს უყვარდა და ბედნიერი ვიყავი, არჩევანი ჩემზე რომ შეაჩერა. წლები ერთად ვიყავით, სკოლაში ერთმანეთი გვიყვარდა, არდადეგებზე კი - არა. მისი წყალობით, მოვიხსენი შავი სათვალე, რომელიც 7 წლისამ გავიკეთე. ამით მეგონა, რომ საზოგადოებისგან თავს ვიცავდი. ქუჩაში შეძახილებმა დამაკომპლექსა, რა ცოდო ხარ შვილო, ვაი შენ დედას, სად არის ღმერთი და ა.შ. ამ ბიჭმა ეს კომპლექსი დამაძლევინა, სათვალე დავამსხვრიე და დღემდე არ ვიმჩნევ ძველებურ გოდებას. კაბაც მისი ხათრით ჩავიცვი, თმაც გავიზარდე და ბოლოს მივხვდით, რომ კარგი მეგობრები ვართ და მეტი არაფერი. ამასობაში ჩემებს ვაპატიე. დამოუკიდებლად დავიწყე სახლში ჩასვლაც. მომწონდა, რომ არავისზე არ ვიყავი დამოკიდებული. გამიჩნდა მიზნები. ვისწავლე თხილამურზე სრიალი, გიტარასა და ფანდურზე დაკვრა, დავდიოდი ვიოლინოზეც, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი კლასიკური მუსიკის განხრით, დავამთავრე სკოლაც. ჩავწერე საავტორო 3 სიმღერა, 4 წელი არასამთავრობო ორგანიზაციებში ვიმუშავე, 2 წელი თელავის ტელევიზიაში გავატარე, საავტორო გადაცემის წამყვანი ვიყავი. ბევრი, რომ არ გავაგრძელო, 2012-ში, სამსახურიდან ბიჭი გამოგზავნეს თელავში და ჩემს სახლში, ქირით ცხოვრობდა, 6 თვე. გაცნობის წამიდან იყო რაღაც განსხვავებული, მაგრამ 5 წელი ვიძმაკაცეთ. მარიგებდნენ, რომ უსინათლოს თუ გავყვებოდი ცოლად, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. დედა, ყოველთვის მიჭერდა მხარს, რომ თუ არ მეყოლებოდა ქმარი, მეყოლებოდა შვილი. პოლონეთიდან, რომ ჩამოვედი, ამერიკის ვიზა მივიღე და სამუდამოდ მივდიოდი.

გიორგიმ სიყვარული ამიხსნა. დღემდე არ მიკითხავს, ის 5 წელი, რატომ ვძმაკაცობდით. არადა, ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი. სამი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. არავინ არ იცოდა, ერთი დაქალის გარდა. მეხვეწებოდა, მემუდარებოდა, დარჩიო, მაგრამ 10 დეკემბერს, გავფრინდი ამერიკაში. ჩავფრინდი და იმ საღამოსვე „ვაიბერზე" მივწერე - მოვდივარ! გიორგი არაადამიანური ხმით ღრიალებდა ბედნიერებისგან. 10 დღეში, უკან დავბრუნდი და ახალი წლის ღამეს, დედას დავურეკე. ვუთხარი, რომ გიოს ცოლად გავყევი და მშვიდად იყავი, მარტო არ ვიბოდიალებ-მეთქი. დედას გულში, რა ხდებოდა არ ვიცი. თუმცა, მე მხოლოდ პოზიტივები გამომიგზავნა. იყო გაბუტვები, იყო ადამიანების დაკარგვა, იყო გიოსთან მოწერილი მესიჯები, „იიი, ეს რა გაგვიკეთე გიალო, შოკში ვართ მთელი სანათესაო". იყო წყევლა, შეურაცხყოფა, მაგრამ წამითაც არ ყოფილა, ჩვენში უთანხმოება. მალევე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ბედნიერებასთან ერთად, დაიწყო სტრესი. ვაანალიზებდი, რომ ვერც ექოზე და ვერც მერე, ჩემს შვილს ვერ დავინახავდი. ვერ ჩავხედავდი თვალებში. ვერ შევიგრძნობდი მის მზერას და ა.შ. ექოებზე, ჩემი პატარა დისშვილი მოგვყვებოდა, დეტალურად მიყვებოდა რასაც ხედავდა. სტრესიდან, რომელზეც პირველად ვყვები, ზუსტად ამ გოგონამ გამომიყვანა. გაჩნდა კითხვები ხალხში - თუ უსინათლოა, ორსულად როგორ დარჩაო და ათასი სასაცილო ფრაზები. უკვირდა ყველას, როგორ მომიყვანა ცოლად მხედველმა მე, უსინათლო. მე და გიო, ვაგრძელებდით ცხოვრებას ბედნიერად. დათა 1 წლის, რომ გახდა, ტესტმა დადებითი მიჩვენა და ახლა, ხუთი თვის სანდრო გვყავს.

უსმინეთ ყველას და გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ბედნიერებას განიჭებთ. გადალახეთ მშობლის ხათრი, გატეხეთ ბარიერები, გადადგით თამამი ნაბიჯები და იყავით ლაღები- ამბობს მაგდა ბეჟანიშვილი.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×