
რუსეთის დუმაში რამდენიმე თვის წინ შექმნილი „1920 წლის ოსთა გენოციდის აღიარების კომისიის“ წევრები ცხინვალში ჩასვლასა და ადგილობრივ „პარლამენტარებთან“ შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ „სპუტნიკთან“ საუბარში აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა.
„საქმეში ჩავრთეთ ექსპერტები და ისტორიკოსები, გავმართეთ შეხვედრა, სადაც დავსახეთ მუშაობის გეგმა. გამოვყავით პირები, რომლებიც ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ და შეაგროვებენ მასალებს შესაბამისი წყაროებიდან. ამის შემდეგ, როდესაც ჯგუფის ყველა წევრი მზად იქნება ოს დეპუტატებთან შესახვედრად და მაცნობებენ ამის შესახებ, მაშინ დავთქვამთ ცხინვალში ჩასვლის ზუსტ დროსაც“, - ამბობს ვოდოლაცკი.
მისივე თქმით, ეს სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში მოხდება.
ამ ვიზიტისათვის საგანგებოდ ემზადებიან ცხინვალში. ადგილობრივი ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ პეტრე გასიევი აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი „გენოციდის აღიარებაა“,
მისივე თქმით, 1920 წლის შემდეგ „სამხრეთ ოსეთში“ ხალხთა ძმობა პროპაგანდირება მიმდინარეობდა ამ თემაზე მუშაობაც კი შეუძლებელი იყო.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მოვამზადოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შესაბამისი მასალა, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენგან განსხვავებით იცოდნენ, რა მოხდა 100 წლის წინ და რას ნიშნავს გენოციდი“, - აცხადებს გასიევი.
1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკაშე ე.წ. „ოსთა გენოციდის“ თემა რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოწია. ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრისას მან განაცხადა, რომ „საქართველომ 1918 წელს გერმანიის ჯარის დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ოსეთის ოკუპაცია კი - 1919-20 წლებში“ და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ დროს განხორციელებული ქმედებები სწორედ ის იყო, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კრემლის პოლიტიკის ამ მიმართულებით გააქტიურებას კონფლიქტის პროვოცირების მცდელობად აფასებს.
„ეს თემა არის წამოწევა საკითხისა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის პროვოცირებას. პუტინმა აფხაზური და ოსური ცენტრები ისევე განიხილა, როგორც 90-იანებში განიხილავდნენ რუსები - რომ თითქოს საქართველო ჩაგრავს ამ რეგიონებს. ეს არის აგრესიული რუსეთის მორიგი ნაბიჯი საქართველოს მიმართ. დიდი ხანია მას ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს - ჯერ პუტინმა გააკეთა განცხადება, ახლა კი მისი ხელქვეითები შეუდგნენ „საქმის კეთებას“, - განუცხადა საყვარელიძემ „რეზონანსს“.