
ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა და დაინფიცირების შემთხვევები დღითიდღე იზრდება. ვირუსი უკვე გლობალურ სახეს იძენს და პანიკა მთელ მსოფლიოში შეინიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საზოგადოებას სიფხიზლისა და კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სრული მზადყოფნისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში ჩანიშნულია საგანგებო შეხვედრა, სადაც განიხილავენ ვირუსისთვის, როგორც გლობალური პრობლემის შეჩერებისთვის, აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების მიღებას.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა მზად არის ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.
დღეს უკვე ახალი კორონავირუსით ჩინეთში 170 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირების შემთხვევები 7 700-ს აჭარბებს. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაავადება უკვე ჩინეთის თითქმის ყველა რეგიონს მოედო. ვირუსი 17 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის, უკრაინაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთში და კანადაში.
30 იანვარს კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე ფინეთშიც გამოვლინდა. ფინეთის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვირუსი უხანიდან ჩამოსულ ჩინელ მოგზაურს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, მოგზაური ჩრდილოეთ ფინეთის, ლაპლანდიის ცენტრალურ საავადმყოფოში იზოლაციაში იმყოფება. დაკვირვება მიმდინარეობს 15 ადამიანზე.
უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია იაპონიამ და აშშ-მა განახორციელეს. ავსტრალია, საფრანგეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და თურქეთი საკუთარი მოქალქეების გასაყვანად გეგმას ამზადებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
„ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში. შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი ხდება. 98 პროცენტი შემთხვევების ჩინეთში ფიქსირდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე შესაბამის უწყებებს კორონავირუსის მიმართულებით ჯანდაცვის სამინიტროსთან კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით არის მაკოორდინებელი ორგანო და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.
„მივიღეთ, პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას," - განაცხადა გახარიამ.
ცნობისათვის, ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა, სადაც დღეს უკვე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინია გამოცხადებული.
რა არის კორონავირუსი?
კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც რესპირატორულ ინფექციებს იწვევს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია.
როგორია ახალი ვისურისის სიმპტომები?
ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი.
რას იწვევს კორონავირუსი?
ვირუსი იწვევს პნევმონიას. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.