ნინა გარდაფხაძე
30.01.2020

 შემცირებული იმპორტი და გაზრდილი ექსპორტი, 45 ათასი ჰა-დან 130 ათას ჰა-მდე გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი, აგრარულ სექტორში ხელმისაწვდომი დაბალპროცენტიანი კრედიტი და ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების განაშენიანება  8400-ზე მეტ მიწის ფართობზე - ეს მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2019 წლის შეჯამებისას ისაუბრა. შედეგები გაწეული მუშაობის ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები პირდად გააცნო. მინისტრმა, პირველ რიგში,  მეწარმეებისა და ფერმერებისათვის სახელმწოფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი იყო ფერმერების მხარდაჭერა პირველად წარმოებაში მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. შედეგად ქვეყანაში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება და გაჩნდა ახალი საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარებზე ადგილის დამკვიდრებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2020 წელს და მომდევნო წლებში, პროგრამის ფარგლებში გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალი მზარდი ქინება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. ქვეყანა შეძლებს გადამმუშავებელი მრეწველობისთვის კარგი სანედლეულო ბაზის შექმნას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 8400-ზე მეტ მიწის ფართობზე, 2019 წელს გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობი შეადგენს 2,100 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ კი 13,353,000 ლარი შეადგინა. 

ანგარიშში, სხვა, მნიშვნელოვან მიღწევებზეც გაკეთდა აქცენტი. მინისტრმა, მადლობა გადაუხადა მის წინამორბედებს, რომლებმაც მართალია მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესის თანამონაწილენი არიან სექტორში. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღემდე ატარებს”, - განაცხადა მინისტრმა.

უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი  45 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 130 ათას ჰა-მდე (2019 წ.), ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 39,5 ათას ჰექტარამდე გაიზარდა.

როგორც სამინისტროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, სარეაბილიტაციო პროგრამით კომპანიამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 31 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 58 კმ საირიგაციო და 77 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 860 კმ არხი და შეკეთდა 2700 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. 

2019 წელს, ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი მიეწოდა სიღნაღის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და   ახალციხის მუნიციპალიტეტების ისეთ სოფლებს, სადაც 20-30 წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.

„სამელიორაციო სისტემების  მოწესრიგება მნიშვნელოვნად განავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, გაზრდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობას, რაც მეტ შემოსავალს და სარგებელს მისცემს თითოეულ ფერმერსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანს“, - აღინიშნა შეჯამების ღონისძიებაზე.

 მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყნის განვითარებისათვის ორ, უმნიშვნელოვანეს დარგს გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობას ეხება. ანგარიშში, დეტალურად იქნა განხილული ბიოდეგრადირებადი ჩანთებით პოლიეთილენის ჩანაცვლება, რაც 2020 წელს უკვე 100%-ით უნდა მოხდეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფლორისა და ფაუნის, ენდემური და იშვიათი სახეობების აღდგენაზე, ადგილობრივ სახეობათა და მათი ჰაბიტატების აღრიცხვასა და მონიტორინგზეც მუშაობს. სააგენტომ 2019 წელს  მნიშვნელოვნად გაააქტიურა მუშაობა ფაუნის იშვიათი სახეობების აღდგენის მიმართულებით, ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500-მდე  კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი. დაწყებულია გნოლის სადედე ჯგუფის შექმნა. ასევე, სააგენტომ მდინარე რიცეულასა და შაორის ტბაში  „საქართველოს წითელი ნუსხის" ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის მიზნით, საერთო ჯამში, 25 000-ზე მეტი ლიფსიტა გაუშვა. დღეისათვის, ნაკადულის კალმახის 100 000-მდე ლარვაა მიღებული, აღსანიშნავია, რომ სააგენტოში „საქართველოს წითელი ნუსხის“, ტყის შემქმნელი და ურბანულ სახეობის მცენარეთა გამრავლების მიზნით, სხვდასხვა სახეობის მცენარეა გამოყვანილი.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2019 წლიდან საქართველოს კანონზე - „სანადირო სახეობების აღწარმოებისა და მართვის შესახებ“ - მუშაობს, რომელიც ახლებურად უდგება სამონადირეო სალიცენზიო მეურნეობების, ზოგადად ნადირობის, ტრადიციული ბაზიერობის, სანადირო სახეობათა აღწარმოებისა და საზოგადოებრივი სავარგულების მართვის საკითხებს, რაც ნადირ-ფრინველისა და იხტიოფაუნის პოპულაციების და მათი ჰაბიტატის შეფასებასა და აღწარმოებას შეუწყობს ხელს. 

მინისტრის ანგარიშში, ყურადღება ექსპორტის ზრდასა და იმპორტის შემცირებაზეც გაკეთდა, რაც ჯერ კიდევ გამოწვევაა და სწორედ ამ მიმართულებით, სამინისტრო არაერთ პროგრამას გეგმავს. დაგეგმილი და განხორციელებული პროექტებისათვის კი განსაკითრებული მადლობა, მინისტრმა, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×