თამარ შუკვანი
31.01.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისეთი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოს, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს, რამაც, როგორც ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, საქართველოს ხელისუფლება შეიძლება აიძულოს ოპოზიციასთან გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსს"განუცხადა, რომ რეზოლუციაში ამოღებულია სიტყვა „პროპორციული," რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი სუვერენული სახელმწიფოს უფლებებს არ არღვევს და არ კარნახობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

„ხელისუფლება ამას არა მხოლოდ ცნობად მიიღებს, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - ეს კარგი სცენარის შემთხვევაში, ან შესაძლოა, ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ცნობად მიიღოს და თავის პოზიციაზე დარჩეს. რეზოლუციის საბოლოო ვერსია ჯერ არ მიღებულა. არის ალბათობა, რომ გარკვეული შესწორებები კიდევ შევა.

„ერთი შესწორება უკვე შევიდა; როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სიტყვა პროპორციული იქნა ამოღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, საარჩევნო სისტემა როგორი უნდა გვქონდეს, ამას წყვეტს სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს იმის უფლება, უკარნახოს, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს.

"აქცენტი არის გაკეთებული მხოლოდ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაიმსახურებს ყველა პოლიტიკური სუბიექტის ნდობას, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნვეყოფილია სამართლიანი საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის.

„ეს რეზოულიცია, ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილები, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მწვავე შეფასებები, - ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ალბათ დახურული არხებითაც ხდება კომუნიკაცია, რაღაც გავლენას იქონიებს იმ კუთხით, რომ პოზიციაში რაღაც კორექიტრები შევა, თუმცა, ამაში დარწმუნებული არ ვარ.

"საბოლოო პოზიციები გაირკვევა მას შემდეგ, რაც საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ვაშინგტონს ესტუმრება, - პარლამენტის თავმდჯომარის ვიზიტი არის დაგეგმილი. ამის შემდეგ უფრო მოხდება პოზიციების გარკვევა, ჩამოყალიბება, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს მმართველი პარტია," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კონგრესიდან წერილების რიცხვის მატებასთან ერთად, კონგრსმენთა პოლიტიკური სტატუსი და წონა იზრდება. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სიტუაცია ნეგატიურ პროცესში გადავა და შესაძლოა გარკვეულ ქმედებებშიც კი გადაიზარდოს.

ბოლო დროს, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან „ქართული ოცნებისადმი" კრიტიკამ იმატა და მან პრაქტიკულად მასიური ხასიათი მიიღო. ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ეს იმ პრობლემებიდან გამომდინარეობს, რაც „ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას დაგროვდა, ნაწილი კი თვლის, რომ წერილების ამ სერიას კონკრეტული პირების ლობირებენ, კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა."

ანჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ს არ სურს საქართველოში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები გაიზარდოს. შესაბამისად, შესაძლოა ტონი შეარბილოს.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კონგრესმენების წერილებს როგორ წაიკითხვენ აშშ-ს ადმინისტრაციაში - 50-50-ზეა ალბათობა, რომ ამას კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვეს. აშშ-ში არის სპეციალური შესაბამისი სამსახურები, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აანალიზებენ.

"ის რაც აშშ-ს ინტერესებში არ შედის, არის ის, რომ საქართველოში ამ წერილებმა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების გაღვივება გამოიწვიოს, - ეს წერილები გახდეს საფუძველი იმისა, რომ ოპოზიციამ პროაქტიურ მადესტაბილიზებელ აქციებს მიმართოს და ამას შედეგად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

„ეს წერილები არის ზეწოლის რბილი ფორმა საქართველოს ხელისუფლებაზე. როგორც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დაწერა თავის ტვიტერზე, ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლა არის," - განაცხადა ანალიტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×