ტატა შოშიაშვილი
01.02.2020

„ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, როგორიც ევროსაბჭოა, ასეთი ინიციატივა, კარგია. მაგრამ როგორც კი იწყება დავა სერიოზულ თემებზე, მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე და ა.შ., რუსეთის დელეგაცია მაშინვე თავს არიდებს კითხვებს", - ასე აფასებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩა „რეზონანსთან" საუბრისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ინიციატივას, რომელიც ერთის მხრივ ბალტიის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს და მეორე მხრივ რუსეთის დელეგაციების მოალაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ითვალისწინებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი თავმჯდომარე ჰენდრიკ დამსს გადაწყვეტილი აქვს რუსეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და საქართველოს დელეგატების შეკრება, რათა წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ არსებული პრეტენზიები დარეგულირდეს.

რუსულ „იზვესტიასთან" საუბრისას დამსი აცხადებს, რომ წინასწარ რთული სათქმელია რა შედეგს გამოიღებს მისი ინციატივა, თუმცა, აღნიშნულ ქვეყნებსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს:

„მინდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ ადამიანები შევკრიბო ერთი მაგიდის გარშემო, რათა განვიხილოთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხები. ესაა, რასაც სამომავლოდ ვგეგმავ", - განაცხადა ჰენდრიკ დამსმა.

პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, რომ დამსის ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ეს არაა პირველი შემთვევა, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვალ ცდილობენ:

„ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან წამოსული მსგავსი ინიციატივა მისასალმებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც დღეს ხდება რუსეთსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში. ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, როგორიც ევროსაბჭოა, ასეთი ინიციატივა კარგია.

„თუმცა, რამდენად მოხერხდება ასეთი ღონისძიების ჩატარება, გაურკვეველია. პრობლემა ისაა, რომ მსგავსი ფორმატების შექმნის მცდელობა ადრეც იყო, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ მთავრდებოდა ეს", - ამბობს კაკაჩია.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთი არ მისცემს მოლაპარაკებების პროცესს შედეგის გამოღების საშუალებას, რადგან ეცდება, რომ სათავისოდ შეატრიალოს ვითარება:

„როგორც კი იწყება დავა სერიოზულ თემებზე, მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე და ა.შ., რუსეთის დელეგაცია მაშინვე თავს არიდებს კითხვებს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს რაღაც ახალ რეალიებზე, მათ შორის საქართელოსთან და უკრაინასთან მიმართებით. ასეთი საუბრები ხშირად დამთავრებულა უშედეგოდ.

„წინასწარ არ ვიცით, როგორი შედეგი იქნება, მაგრამ იმედი, ალბათ, არ უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მის მეზობლებთან გარკვეული კომპრომისის მოძებნის სურვილს", - დასძინა კორნელი კაკაჩიამ.

ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ ორგანიზაციაში შეიქმნა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელსაც „ბალტიკ პლუსი" ეწოდა. თავად უკრაინის გარდა, ჯგუფის წევრები ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა და საქართველო არიან და მისი მიზანია რუსეთის მიერ ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის, საქართელოს ტერიტორიის 20%-ისა და მოლდოვის ოკუპაციის დაგმობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×