თამთა ჩაჩანიძე
01.02.2020

 „ჩემი აზრით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება, ასევე აშშ-ის კონგრესმენების, როგორც წამომადგენელთა პალატის, ასევე სენატის წევრების პოზიცია, ასევე ევროპარლამენტარების კრიტიკული შენიშვნები, ალბათ „ქართულ ოცნებას" აიძულებს, რომ კიდევ რაღაც დამატებითი ნაბიჯები გადადგას დათმობის მიმართულებით," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებისადმი" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას.

ასამბლეა მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ისეთი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოს, რომელიც „ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს".

ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთიდან კრიტიკის მომატების გამო, შესაძლოა „ქართული ოცნება" რაღაც დათმობებზე მაინც წავიდეს.

„არაა გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება" კიდევ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. როდესაც დასავლეთის მხრიდან უკვე გარკვეული კრიტიკული წერილები გამოჩნდა, ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" იმის იმიტაცია მოახდინა, რომ რაღაც დათმობებზე მიდის და ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, რომ მაჟორიტართა რიცხვი 73-დან 50-მდე შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში, მმართველი გუნდი ამით ცდილობს, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას.

„ჩემი აზრით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება,ასევე აშშ-ის კონგრესმენების, როგორც წამომადგენელთა პალატის, ასევე სენატის წევრების პოზიცია, ასევე ევროპარლამენტარების კრიტიკული შენიშვნები, ალბათ „ქართულ ოცნებას" აიძულებს, რომ კიდევ რაღაც დამატებითი ნაბიჯები გადადგას დათმობის მიმართულებით.

„ყველაზე კარგი ვარიანტი ის იქნება, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება" დათანხმდეს იმას, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. მაგრამ უფრო პესიმისტური სცენარით, რომ ვიმსჯელოთ, შესაძლოა საერთო ჯამში „ოცნებას" და ოპოზიციას შორის 73-დან 50-მდე შემცირებულ მაჟორიტართა რაოდენობაზე გარკვეული შეთანხმება მოხდეს.

„ოპოზიცია აცხადებს, რომ ამას არ ეთანხმებიან, თუმცა, თუ არ დათანხმდებიან, მაშინ შესაბამისად არჩევნები არსებული კანონმდებლობით ჩატარდება, რომლის მიხედვითაც 77 წევრს პროპორციული წესით ირჩევენ, ხოლო 73 წევრს მაჟორიტარული წესით. შესაბამისად, ალბათ ოპოზიციისთვისაც შედარებით უფრო მისაღები იქნება, თუ საუბარი 50/100-ზე იქნება

„ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებაში ტერმინი „პროპორციული" არ ჩანს. მეორეს მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მოწოდება პირველ რიგში „ქართული ოცნების" მიმართულებითაა.

„ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც შესაძლოა შედარებით კარგი ვარიანტია 50/100, იმიტომ, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა იმატებს, ხოლო ხელისუფლებისთვისაც ეს შედარებითკარგი ვარიანტია, რადგან სახელმწიფო წმინდა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს.

„ვნახოთ მომავალში რა იქნება. შესაძლებებლია, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს. დღეს კიდევ ერთი ამერიკელმა კონგრესმენმა „ტვიტერზე" დაწერა ინფორმაცია, რომელიც ასევე მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

„საერთო ჯამში „ქართულ ოცნებას" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებაც თავის გარკვეულ როლს შეასრულებს", - განაცხადა ჩიტაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების შესახებ და დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების ხარვეზების გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×