
კონსტიტუციონალისტი და „ლელო საქართველოსთვის" წევრი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პროდასავლური ხედვის პოლიტიკოსების უკანა პლანზე გადაწევას ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახდენდა და ამან აშკარა სახე 2015 წლის შემდეგ მიიღო.
„ფაქტებით შეიძლება ამაზე დასკვნის გაკეთება. რასაკვირველია იყო და ეს ამბები აშკარად დაიწყო 2015 წლის შემდეგ. ეს იყო ფაქტი და ბოლო დროს მკვეთრად გამოჩნდა ასეთი დამოკიდებულება. მიზანი რა იყო, დასკვნები გააკეთოს ამის წამკითხველმა და მსმენელმა," - განუცხადა ხმალაძემ „რეზონანსს".
ცნობისათვის, კონგრესმენთა მწვავე გაცნხადებებს გამოეხმაურა კავკასიისა და ცენტრალური აზიის კვლევის ინსტუტის ამერიკელი მკვლევარი და პროფესორი სვანტე კორნელი, რომელმაც განაცხადა, რომ „სხვადასხვა დროს ივანიშვლმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი, ან შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ მათ არ ჰქონოდათ მთავრობაში დარჩენის საშუალება."
„დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰყავდა პატივსაცემი პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახდენდნენ ამერიკასთან კომუნიკაციას - იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. სამწუხაროდ, ეს ხალხი ქართული ოცნების წევრები უკვე აღარ არიან. სხვადასხვა დროს ივანიშვლმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი, ან შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ მათ არ ჰქონოდათ მთავრობაში დარჩენის საშუალება. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს.
„ასევე დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციებს. ვფიქრობ,რომ ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ამ მწვავე შეხედულებების ჩამოყალიბებაში საქართველოს ოპოზიციას არ შეაქვს დიდი როლი. არსებობს საელჩოები და არსებობენ ექსპერტები, რომლებიც თავად ხედავენ, თუ რა ხდება და მათი შეცდომაში შეყვანა ადვილი არ არის," - აღნიშნა სვანტე კორნელმა.