„რა დისკომფორტი უნდა შემიქმნან და ვინ უნდა შემიქმნას და რა უნდა მასწავლონ ამით? ქვეყნის სამსახური, ქვეყნის სიყვარული თუ რა უნდა მასწავლონ?" - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ოპოზიციის მიერ 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს დაანონსებულ პარლამენტის პიკეტირებასა და ე.წ. სირცხვილის კორიდორს.
მისი თქმით,იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ სირცხვილის კორიდორი მოაწყო, ეს დისკომფორტს არ შეუქმნის, რადგან ამ მწკრივში, კობალაძის შეფასებით, ისინი დგანან, ვისთანაც საზოგადოებას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.
„სამწუხაროდ, დესტრუქციის და ქვეყნის ისტერიკაში გადაყვანის მრავალი მცდელობაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ამოცანა და ვალდებულება გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად პარლამენტში მივალთ.
„ოპოზიციიდან სამწუხაროდ მხოლოდ ისტერია მოდის და იმის მცდელობა, რომ შექმნან ფონი, რომ ქვეყანა კრიზისშია. ეს რამდენად ადგება დღეს ჩვენს ქვეყანას, ამის განსჯა საზოგადოებას მივანდოთ.
„მგონია, რომ ხალხი ისტერიკით დაიღალა და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა განვითარების გზისკენ უნდა გადავიდეს და არა ისე, რომ სულ ვიღაცა იერიშზე მიდიოდეს და ვიღაცა თავდაცვის რეჟიმში იდგეს.
„სიცხვილის კორიდორში ვინ უნდა იდგეს? აბა, გადახედეთ იმ მწკრივს, რომლებიც სირცხვილის კორიდორში უნდა იდგნენ. მათ თუ არ აქვთ იმის განცდა, რომ საზოგადოების წინაშე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ და აქამდე მიიყვანეს ეს ქვეყანა, რითი უნდა შეგვარცხვინონ, აბა მითხარით. რა არის სასირცხვილო - ის, რომ ადამიანს თავისი აზრი აქვს? თუ სასირცხვილო ისაა, რომ სიტყვის თავისუფლებაა? თუ ის, რომ ნულოვანი ტოლერანტობას აღარ ვუკრავთ ტაშს? თუ ის, რომ უკვე რეალურად ეროვნულ ფასეულობებზე ვაკეთებთ ორიენტირებას?" - აცხადებს კობალაძე.
იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ისტერიაშია და თავისი წარსულის ცოდვების სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ.
„რაც დიდი ცოდვა მიუძღვით, ახლა ცდილობენ, რომ ეს ცოდვები ნელ-ნელა ვინმეს მიაწერონ და შემდეგ ამაზე აპელირება მოახდინონ და ეს აღარაა საინტერესო. გაცილებით მეტი საქმეები და ამოცანებია სახელმწიფოს წინაშე მდგარი, ვიდრე ეს ისტერიკები და ისტერიკოსებია.