ელზა პაპოშვილი
02.02.2020

სასტიკი მკვლელობა სოფელ ბოლნისში - 70 წლამდე მამაკაცი საკუთარი სახლის ღობესთან დილით  მოკლული იპოვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ფეიზ ახმედოვი გულით ავადმყოფი იყო და სოფელშიც კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მათი თქმით, სოფელში ყველა ყველას ნათესავია და მათთან მსგავსი ფაქტი იშვიათია.

გარდაცვლილის ახლობლებსაც არ აქვთ არანაირი ვერსია, თუ რატომ შეიძლებოდა მოეკლათ 70 წლის მამაკაცი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი კინოლოგების დახმარებით პოლიციამ უკვე დააკავა და ის მათი მეზობელია. თუმცა, „რეზონანსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურეს და თქვეს, რომ ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

უწყებაში იმასაც უარყოფენ, რომ თითქოს მოკლულს თვალები ჰქონდა დათხრილი. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივი და ფეიზ ახმედოვის ბიძაშვილი მამედ ახმედოვი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მისი ბიძაშვილი ცოლთან ერთად ცხოვრობდა და საკმაოდ უწყინარი ადამიანი იყო. ის გულით ავადმყოფი იყო და ასევე გარეთაც იშვიათად გადიოდა. მისი თქმით, მკვლელობა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა და მისი ბიძაშვილი სახლთან ახლოს ღობესთან მოკლული იპოვეს.

მისთვისაც გაუგებარია ასე გვიან რატომ გამოვიდა სახლიდან, ვის შეხვდა და რატომ. მამედოვი ამბობს, რომ მათი სოფელი ძირითადად ერთმანეთის ახლობლებითა და ნათესავებით არის დასახლებული და გაუგებარია, მსგავსი სასტიკი დანაშაული ვის უნდა ჩაედინა.

მისივე თქმით, სოფელში გავრცელდა ხმა, რომ დამნაშავე უკვე დაკავებულია, თუმცა მან ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის. სავარაუდოდ, დაკავებული პირის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება.

„ფეიზ ახმედოვი გულით ავადმყოფი იყო და არავის არაფერს უშავებდა, ამ სოფელში ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლლეობა ჯერ არ გვინახავს. აქ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ და ძალიან იშვიათია, რომ მსგავსი სისასტიკის მკვლელობა მომხდარიყო.

„დანა აქვს გულში ჩარტყმული და ასე უბედურად არის მოკლული. არც ხმაური და არც სხვა რამ არავის გაუგონია. რატომ უნდა მოეკლათ, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოლოგების დახმარებით დამნაშავე პირის კვალზე გავიდნენ. თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ვიცით“, - აცახდებს „რეზონანსთან“ მამედოვი.

სოფელში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები და ძაღლები. იკითხეებიან მეზობლები  და გარდაცვლილის ახლობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×