
ახალი კორონავირუსის ვაქცინა ჯერჯერობოთ არ არსებობს. მის შექმნასა და გამოცდას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის ფონზე ვირუსმა უკვე გლობალური სახე მიიღო, შემთხვების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსისგან 360-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულების რიცხვმა კი 17 ათასს გადააჭარბა. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა უკვე ჩინეთის დედაქალაქ პეკინშიც დაფიქსირდა, სადაც დაავადებას 50 წლის კაცი ემსხვერპლა.
ამ დროისათვის შექმნილია „სატესტო" ვარიანტი, რომლითაც ცხოველებზე გარკვეული ექსპერიმეტების ჩატარება მოხდება, თუმცა, იმისათვის, რომ ეს ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადონ, გარკვეული დროა საჭირო. როგორც ჰონ კონგელი მეცნიერები ამბობენ, ჯერ გამოცდა ცხოველებზე უნდა მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვაქცინის შექმნაში ამერიკელი და ჩინელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.
„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.
ისრაელის პრემიერმა, ბენჯამინ ნეთანიაჰუმ ექიმებსა და მეცნიერებს დავაალა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა დააჩქარონ. ამის შესახებ „რადიო თავსუფლება" წერს.
„დავავალე ბიოლოგიის ინსტიტუტს და ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნან ვაქცინა. თუ ჩვენ ვიპოვით ისრაელის ინფიცირებულ მოქალაქეებს, იზოლირებულად გვეყოლება და ვიზრუნებთ მათზე," - ამბობს ისრაელის პრემიერი.
ამ ეტაპზე ისრაელში არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები. ახალი ვირუსის ვაქცინის შემუშავება დაიწყეს ჩინეთში, რუსეთში და შეერთებულ შტატებში.
ჩინეთის გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ამ ეტაპზე, ვირუსით ინფიცირების 175 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ფინეთი და შვედეთი.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი. ქვეყანა კვლავ მწვანე ზონაში რჩება. დროდადრო ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრი კატეგორიულად ურაყოფს.
„ვაქცინა არ არის შექმნილი, უბრალოდ კვლევა მიდის და არის გარკვეული ექსპერიმენტები ცხოველებზე. როგორც ასეთი, რომ ადამიანებზე იქნას გამოყენებული, ჯერჯერობით არ არსებობს.
"გლობალურ სახეს მიიღებს, მაგრამ რაიმე კატაკლიზმი აქედან არ იქნება. შეიქმნება ვაქცინა, მაგრამ ამას გარკვეულ დრო სჭირდება. ორ თვეში ვაქცინა შეიქმნას, ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. ამას დასჭირდება სულ მცირე თვეები, ერთი-ორი წელი მაინც," - აცხადებს „რეზონანსს" ექიმ-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი.
გერმანიის განათლების და მეცნიერებათა მინისტრმა ანია კარლიჩეკმა თქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შეიქმნება.
„თუ გვსურს შევაკავოთ ეს დაავადება, უნდა გვქონდეს ვაქცინა მოკლე დროში და ჩვენი ვარაუდით ეს რამდენიმე თვეში იქნება," - თქვა მან.
ვაქცინის შექმნაზე ბიოფარმაცევტული კომპანია CureVac AG და ეპიდემიისათვის მზაობის ინოვაციების კოალიცია (CEPI) მუშაობენ.
გერმანიაში კორონავირუსის მეექვსე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის ერთი ბავშვია. ის იმ ფირმის თანამშრომლის შვილია, სადაც პირველად დაფიქსირდა ვირუსი. ყველა დაავადებულის მდგომარეობა სტაბილურია.
ახალი კორონავირუსის გამო, 31 იანვარს გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, „მთავარი მიზეზი არ არის ის, რაც ხდება ჩინეთში, არამედ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემია შესაძლოა, გავრცელდეს უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში. თანაც, კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, რომელიც კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს.