
„ამ ადამიანს ისეთი განსაკუთრებული თანამდებობა არ ეკავა, რომ პოლიტიკური მკვლელობის რაღაც ვერსიები არსებობდეს. ამიტომ ძირითადი ვერსია - ის, რომ შესაძლოა გაზით გაგუდულიყვნენ - საკმაოდ საფუძვლიანია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის რუსი მრჩევლლის იგორ გალისა და მისი მეუღლის მოულოდნელ გარდაცვალებას.
იგორ გალი და მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ცხედრები ცხინვალში მათ ახალ ბინაში აღმოაჩინეს. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა და გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტები სწავლობენ. თუმცა, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება და წინასწარი ვერსიით, ისინი გაზის ნამწვით გაიგუდნენ.
მედიის ინფორმაციით, გალების ოჯახმა ცხინვალში თავის ახალ სახლში ახლახანს რემონტი ჩაატარა. გამოცვალეს გათბობისა და ცხელი წყლის სიტემა. ტრაგედია კი რემონტის დასრულებისა და ახალი სისტემების ჩართვის მეორე დღეს მოხდა.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას სხვა ვერსია არ აქვს გარდა გაზით გაგუდვისა. თუმცა, მისივე თქმით, თუ ეს ფაქტი მკვლელობა იყო, რუსეთი ამას ასე არ დატოვებს.
„მეც ეს ინფორმაცია მაქვს, რომ თითქოს გაზით გაიგუდნენო. ვინაიდან დამატებითი ინფორმაცია ჯერ არაა, დამატებით რამის თქმა არ შემიძლია. არანაირი სხვა ვერსია არ მაქვს გარდა იმისა, რომ ოფიციალურ ვერსიას დავუჯერო.
„რუსეთი ამ სიტუაციას ასე არ დატოვებს, თუ მკვლელობას და სხვა მიზეზებს ჰქონდა ადგილი, ის ყველაფერს მიაღწევს, რათა თავისი მოქალაქის სიკვდილის მიზეზი დაადგინოს.
„ამ დროისთვის არავითარი დამატებითი მონაცემები არ არსებობს. ამ ადამიანს ისეთი განსაკუთრებული თანამდებობა არ ეკავა, რომ პოლიტიკური მკვლელობის რაღაც ვერსიები არსებობდეს. ამიტომ ძირითადი ვერსია - ის, რომ შესაძლოა გაზით გაგუდულიყვნენ -საკმაოდ საფუძვლიანია.
„სამწუხაროდ, ხშირად გაზით ჩვენთანაც იღუპებიან. ის კი არა, ამ ფორმით ჩვენი პრემიერ-მინისტრიც კი დაიღუპა. ასე რომ, ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ არსებობს, რათა ამ ვერსიაში ეჭვი შევიტანოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
იგორ გალი ცხინვალის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში 2016 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი მოსკოვის მერიის ჯანდაცვის დეპარტმენტში მოღვაწეობდა.