
„როდესაც კრიტიკული სიტუაცია იყო, მან პირველმა გადაუხვია რჩევებს და ქვების სროლის ტაქტიკაზე გადავიდა. რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს, საკმაოდ გამოცდილი ადამიანია და შეუძლია საკუთარი აზრი თავად გამოთქვას", - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ექსპერტ გია ხუხაშვილის რჩევას ბიძინა ივანიშვილისადმი.
გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს 10 ნაბიჯს სთავაზობს, რომლის შესრულების შემთხვევაში მას ხელისუფლებაში დარჩენის შანსი ექნება. ამ ათიდან ერთ-ერთი არის ივანიშვილი პირადად ჩაერთოს მოლაპარკებებში ოპოზიცასთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
„ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილებაც და შეუძლია საკუთარი პოზიცია გამოხატოს. სწორედ ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა, რომ ჩვენ მცირე ერი ვართ და ერთმანეთის მტრები არ უნდა ვიყოთო. ანუ, მან პირველმა შესთავაზა ოპოზიციას თანამშრომლობაც და ურთიერთობაც.
„ახლა აპელირება რაღაც რჩევებზე, არ ვიცი... როდესაც კრიტიკული სიტუაცია იყო, ხუხაშვილმა პირველმა გადაუხვია რჩევებს და ქვების სროლის ტაქტიკაზე გადავიდა.
„რაც შეეხება თავად მოლაპარაკების თემას, საკმაოდ კომპეტენტური შემადგენლობაა „ოცნების" მხრიდან ჩართული ამ მოლაპარკებებში, მაგრამ თუ ოპოზიციას უნდა გაურკვევლობა შეიტანოს საზოგადოებაში, ეს სხვა საქმეა.
„ისე, ცნობისთვის, ნებისმიერ საკითხზე, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს, მსჯელობა მიდის პოლიტსაბჭოზე. ანუ ერთი ხედვა არ არის და გადაწყვეტილებაც ერთპიროვნულად არ მიიღება", - განაცხადა „რეზონანსთან" კობა კობალაძემ.