ელზა პაპოშვილი
04.02.2020

ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა - გვიან ღამით ბაღდათში გამოძახეებულ მეხანძრეებს საზარელუ სურათი დახვდათ.  ღია ცეცხლში შესულმა მაშველებმა 4 ბავშვი, მათი ორსული დედა და მეზობელი ქალი უკვე დამწვარი იპოვეს. გამოძახებიდან 2 წუთში მისულ მაშველებს ხის სახლი, ფაქტობრივად, ჩაფერფლილი დახვდათ.

დაღუპული ოჯახის ახლობლები და მეზობლები მომხდარ ტრაგედიაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობენ, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, ოჯახს თავშესაფარი არ მიეცა. ხანძარში დაღუპული დედა ნარგიზა გორგოძე „ტვე პირველთან“ გასული წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მის ოჯახს, გარდა იმისა, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს, ასევე არ აქვს თავშესაფარი და ერთ-ერთ გამომცემლობის ძველი სტამბის შენობაში იმყოფებიან, სადაც არც ელექტროეენერგიაა.

ნარგიზა გორგოძე აცხადებდა, რომ შენობა სრულიად გაპარტახებულია და დახმარებას ითხოვდა. ოჯახის უკიდურესი გაჭირვების შესახებ ინფორმაციას, ასევე „ჩერნოვეცკის ფონდიც“ ავრცელებდა და საზოგადოებას მათ დახმარებას სთხოვდა.

დამწვარ ხის სახლში კი ორი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა. გარდაცვლილი შუახნის ქალიც სწორედ ამ შენობაში იყო თავშეფარებული და ის  დამლაგებლად მუშაობდა.

ეს გორგაძეების ოჯახის ერთადერთი ტრაგედია არაა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მათ ერთი კივირის წინ თოვლში ბიძა გაეყინათ და გარდაიცვალა. ამის შემდეგ მათ სტამბის შენობიდან ამ მიტოვებულ სახლში გადასვლა გდაწყვიტეს. სავარაუდოდ, მათი აქ გადმოსვლის მიზეზი ომ ორ ოთახში არსებული სივიწროვე იყო.

დატრიალებულ ტრაგედიას კი ბავშვების ბებია და მამა მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ ისინი მაღაზიაში წავიდნენ. უკან დაბრუნებულებს კი სახლი ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ. სავარაუდოდ, ცეცხლი შეშის ღუმელისგან უნდა გაჩენილიყო. ბავშვების ბებია ამბობს, რომ მათ არ ეძინათ და როდესაც მაღაზიაში წავიდნენ, ისინი თამაშობდნენ.

გორგაძეებთან ერთად დაღუპული ქალის შვილი კი ჟურნალისტებთან ყვება, რომ ის მერიაში დახმარების თხოვნით არაერთხელ მივიდა, თუმცა მათ თავშესაფარი არავინ გამოუყო. მისი თქმით, ახლა მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მის გარდაცვლილ დედას ქირას უხდიდნენ, რაც აბსურდი და მიცვალებულზე ხელის შეწმენდის მცდელობაა.

„სოციალურად დაუცველები იყვნენ, ოჯახს ძალიან უჭირდა. ყველა ეხმარებოდა, ვის როგორ შეეძლო. მეზობლები ტანსაცმელს ვაძლევდით და საკვებსაც. ამ ხის სახლში რაც გადმოვიდნენ, ერთ კვირაც არ იქნება. ბიძა გარდაეცვალათ და როგორც ამბობდნენ, იმ სახლის მოწესრიგება უნდოდათ. თანაც საკმაოდ ვიწროდ ცხოვრობდნენ ორ ოთახში. აქ ამიტომაც გადმოვიდნენ.

„კივილზე გამოვედით ჩვენც. არაფერი არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, სავარაუდოდ შეშის ღუმელიდან ან სანთლიდან გაუჩნდათ ხანძარი. გამოსვლა ვერ მოასწრეს, ყველაფერი წამებში მოხდა. ხის სახლი იყო და უცბად ჩაიფერფლა. მაშველები ღია ცეცხლში შევარდნენ, მაგრამ უკვე დამწვრები იყვნენ.

„მეუღლე და ბავშვების ბებია გამოსული იყვნენ სახლიდან. ბებია მაღაზიიდან მოვიდა, როცა შეესწრო ამ მდგომარეობას და ვერ მოასწრო ვერც ერთის გადარჩენა. სახლი არის ხის და ამიტომ ხის სახლს ადვილად მოეკიდა ცეცხლი და როგორ მოეკიდა, არაფერი ვიცით,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ თვითმხილველი და გარდაცვლილი ოჯახის მეზობელი  შორენა მსხვილაძე.

„რეზონანსი“ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ესაუბრა, სადაც გარდაცვლილი ძმები სწავლობდნენ. როგორც სკოლაში განგვიცხადეს, ბავშვების კლასელები და მასწავლებლები საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. სკოლაში ამბობენ, რომ ბავშვები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწავლაზე მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ. ისინი სპეცილური განათლების საჭიროების მოსწავლეები იყვნენ, თუმცა სკოლა მათ დახმარებას ყოველთვის ცდილობდა.

„სკოლაში უმძიმესი მდგომარეობაა. ბავშვები ძალიან დათრგუნულები არიან. ერთი კვირის წინ მათ ბიძა გარდაეცვალათ და სკოლაში ამ სემესტრში მხოლოდ ორშაბათს მოვიდნენ. მასწავლებლისთვის უთქვამთ, ახლა ყველაფერს მოგისმენთ და რაც გამოვტოვეთ, ვისწავლითო. გაჭირვების მიუხედავად, საკმაოდ კომუნიკაბელური და თბილი ბავშვები იყვნენ.

„მასწავლებლები შოკში არიან და აქ ყველას ძალიან გვიმძიმს. უხარებიათ ბავშვებისთვისაც - რომ ახალ სახლში გადავედით და უფრო დიდიაო. არ ვიცით ბავშვებს როგორ დავეხმაროთ, მეგობრების გარდაცვალებას ასე ტრაგიკულად, ძალიან განიცდიან“, - განუცახდეს „რეზონანსს“ სკოლაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ვლადიმერ ჩივაძის თქმით კი, სახანძრო ჯგუფი შეტყობინების შესვლიდან 2 წუთში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ხის სახლი მთლიანად ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ.

„მეხანძრე-მაშველები შეტყობინების შემოსვლიდან ორ წუთში გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე. დახვდათ შემდეგი სურათი: სახლი დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე არის ბელეტაჟის ტიპის, ხოლო დანარჩენი სახლი არის ხის. მთლიანად ცეცხლის ალში იყო სახლი გახვეული. სახლში აღმოჩენილ იქნა ორი ქალბატონის გვამი და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის,“ - განაცხადა ვლადიმერ ჩივაძემ.

ხანძრის ადგილზე კი  თბილისიდან ჩასული ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და სწორედ მათ უნდა დაადგინონ ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის გამო ოჯახს 3 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება არ მიეწოდებოდა, თუმცა დეკემბრის თვეში სამივე თვის ერთდროულად მიიღეს.

„ისინი დღესაც კი არიან მიმღები ოჯახის სტატუსით, ანუ არ შეჩერებიათ მიმდინარე ეტაპზე სოციალური დახმარება. მათ უბრალოდ მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტეს, რომ ჰქონდათ ოჯახში დემოგრაფიული ცვლილება. სხვა არანაირი სტატუსის ცვლილება არ ყოფილა. ერთადერთი სტატუსის ცვლილება იყო ოჯახისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე. 

„კიდევ ერთხელ განვმარტავ - მათი აბონენტის ნომრის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად 3 თვის განაცდური ერთად აიღეს 2019 წლის დეკემბრის ბოლოს - 2040 ლარის ოდენობით,“ - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×