
„ახალი ლიდერის შექმნა ვეღარ მოესწრება. ერთიანი ლიდერი თეორიაშიც არ ჩანს, მითუმეტეს იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს არის. ამიტომ არსებული შემადგენლობით უნდა შეძლონ არჩევნებში წარმატების მიღწევას", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შანსებს მომავალ არჩევნებში.
„ოპოზიციამ მეტნაკლებად დაიწყო ცვლილებები თავის მიდგომებში. აქამდე ლაპარაკობდნენ, რომ „ხელისუფლებას ვაიძულებთო", ახლა აცხადებენ „ამ სისტემითაც მოვიგებთო" - ეს სწორი მესიჯია, რადგან ამით თავის ამომრჩეველს დაარწმუნებენ, რომ არსებული სისტემითაც შეძლებენ მოგებას.
„ოპოზიცია ქუჩას არ დატოვებს, მაგრამ არ მგონია, რომ ხშირი პიკეტირებაც რაიმეს მომტანი იყოს. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში მათ მიმართ ნდობა არ არის, ამიტომ უნდა იფიქრონ ამომრჩევლის ნდობის აღდგენაზე, იყვნენ მართლები საკუთარ თავთანაც და ამომრჩეველთანაც.
„პრობლემაა ისიც, რომ არ არის ახალი სახეები. ვინც არის, ისიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდება, რომლებსაც გააზრებულიც არ აქვთ რა გააკეთეს, მარტო გვეუბნებიან - წარსულს თავი დაანებეთო. ჩვენ კი დავანებეთ თავი და აღარ გვანაღვლებს ის 9 წელი, მაგრამ თუ ხელისუფლებაში ისევ გინდა მოსვლა, მე მეშინია, რომ შენ არ დამაბრუნო ისევ წარსულში.
„რაც შეეხება ახალი ლიდერის შექმნას, ეს ვეღარ მოესწრება. ერთიანი ლიდერი კი თეორიულადაც არ ჩანს, მითუმეტეს იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს არის. თუ ისევ სააკაშვილზე ფიქრობენ, ეს მათთვის იქნება კატასტროფა. ამიტომ ამ შემადგენლობით უნდა შეძლონ არჩევნებში წარმატების მიღწევას, შეცვალონ მიდგომები და ტონალობა. მხოლოდ იმის იმედზე ნუ იქნებიან, რომ ტრადიციულად ორი საარჩევნო ციკლის ამოწურვის შემდეგ ყველა მმაროთველი პარტია მიდის ხელისუფლებიდან", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.