
პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მოძრაობა „შეცვალეს" წევრებს ერთ-ერთი შესასვლელის კარისთვის ბოქლომის დადება სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პარლამენტს მაინც დააბოქლომებენ.
შეგახსენებთ, პარლამენტში უმრავლესობის ფორმატში სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკანონდებლო ორგანოსთან ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია დილიდან გაანახლეს. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოაწყვეს. უმრავლესობის წევრებს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწიათ.
რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, როგორც შეხვედრის დაწყებდამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე წინასაარჩევნო საკითხებს განიხილავენ, თუმცა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციისთვის ახალი შეთავაზება არ იქნება განხილული. მდინარაძის თქმით, ეს საკითხი აღარ გადაიხედება. გარდა ამისა, სხდომაზე განიხილავენ ისეთ საკითხებსაც, რაც მედიისთვის არ იქნება ცნობილი.
„ქართული ოცნების" წევრები „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ერთგვარ ბრალდებას გამოეხმაურნენ, რომ უმრავლესობამ 5 თებერვალს ჩანიშნა სხდომა, რათა დეპუტატები პარლამენტში ადრე შეეყვანათ და ამით მათ „სირცხვილის კორიდორი" თავიდან აერიდებინათ, რასაც დიმიტრი ხუნდაძემ უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.
„აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს უმრავლესობას შეეშინდა, უმრავლესობის სხდომა მოიგონა და ადრიანად, 10 საათზე მოვიდა პარლამენტში," - აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე „ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უმრავლესობას გააჩნია საქმის კეთების პასუხისმგებლობა, საქმე უნდა გაკეთდეს, უნდა ეს ოპოზიციას თუ არა." მისივე თქმით, 2020 საარჩევნო წელია და პარტიებმა ბოიკოტის და პროტესტის რეჟიმის ნაცვლად, პოლიტიკური პროგრამები უნდა წარადგინონ.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ცუდი სცენარისთვისაც მზად არიან, რომელიც ვადამდელი ან არჩევნების არსებული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს „გონს მოეგოს." მისივე განცხადებით, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი უკან არ წაიღებს იმ შეურაცხყოფას, რაც მთელს საზოგადოებას მიაყენა.
ოპოზიციის განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ უმრავლესობის სხდომის დაწყებისთვის 10 საათი ადრე არაა.
ამ დროისთვის პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნა უცვლელია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს არც ერთი ქუჩა არ გადაუკეტავთ.