რეზონანსი
07.02.2020

მომღერალ ეკა მამალაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგება. რამდენიმე თვეში მას 60 წელი უსრულდება. ჯერ არ იცის, რამდენად გრანდიოზულად გადაიხდის ამ იუბილეს, მაგრამ ის ზუსტად იცის, რომ ცხოვრება ამ ასაკში მშვენიერია. წლები რომ არაფერს ნიშნავს, ამის ცხადი მაგალითი მას სახლში დედის სახით ჰყავს – მომღერალი ნანი ბრეგვაძე საზოგადოებას თავისი ყოველი გამოჩენით აოცებს.

"მე არ მინდა დიდი და გრანდიოზული დაბადების დღე, მაგრამ გარშემომყოფები მეუბნებიან, რატომაც არაო. ჩემი ასაკის დამალვას აზრი არ აქვს, ამ ქალაქში არაფერი დაიმალება. 60 წლის ვხდები. ძალიან მომწონს ადამიანების რეაქცია, როდესაც ჩემს ასაკს ვამბობ. ამ თემაზე კარგად ვხალისობ. მივხვდი, რომ ადამიანი ვერასდროს გრძნობს თავის ასაკს. სულ გგონია, რომ ჯერ ისევ პატარა ხარ.

რაზეც ვოცნებობდი, ის ცხოვრებისგან არ მიმიღია, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს. ჩემი შვილები კარგ გზას ადგანან და შემდგარი პიროვნებები არიან. ნატალიას გაჩენით დიდი ოცნება ამიხდა. ორი ბიჭის შემდეგ გოგოზე ძალიან ვოცნებობდი. მინდა, მან ცხოვრებაში ბევრს მიაღწიოს.

არაფერი გვიანი არ არის. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ცუდად აღქმული, რომ თითქოს 60 წლის ასაკში როგორ შეიძლება სიყვარულზე და გათხოვებაზე ფიქრი. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ გამოჩნდა სიყვარული, ეს ჩემთვის მიუღებელი არ იქნება.

28 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი და ორი შვილით დავრჩი მარტო. როცა მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, გავაგრძელე კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მეუღლეს და მის ოჯახს პატივს არ ვცემდი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი პირველი ქმრის, გოგის, დაბადების დღეს, 3 მაისს, ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავთ. ეს ტრადიცია არც მაშინ დარღვეულა, როდესაც მეორე ქმარი მყავდა", - განუცხადა "სარკეს" მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×