ია აბულაშვილი
07.02.2020

„ოპოზიცია ნამდვილად ვერ შეძლებს ხალხის მობილიზებას პროპორციულ სისტემაზე გასვლის ლოზუნგით. ხალხის მოზიდვა შეიძლება მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის დამაჯერებელი ლოზუნგებით. ამისთვის საჭიროა ქარიზმატული, დემაგოგი და პოპულისტი ლიდერი. ასეთი კი ჯერ არ ჩანს. ხელისუფლებას, თუ არჩევნების წინ ახალ პოლიტიკურ იდიოტიზმებს არ დაუშვებს, აქვს შანსი ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში," - ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი პეტრე მამარაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებზე მომავალ არჩევნებში.

„საქართველო რჩება იმ ქვეყნებს შორის, სადაც არჩევნების ბედი წყდება ბოლო ერთ თვეში, ან სულაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამიტომ დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თუ „ოცნების" ხელისუფლება არ დაუშვებს მორიგ უხეშ შეცდომებს, ახალ პოლიტიკურ იდიოტიზმებს, განსაკუთრებით არჩევნების წინ, მას აქვს შანსი ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში; ვინაიდან მის ხელში რჩება ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები, რომელიც ბევრად აღემატება ოპოზიციის ფინანსურ რესურსებს.

ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები მხარს უჭერენ ივანიშვილს. ხაზარაძე ერთადერთია ვინ გადაუდგა, ისიც იძულებით, ვინაიდან თავად ივანიშვილმა გააკრიტიკა და გარიყა იგი. დანარჩენებს ბევრად ურჩევნიათ ივანიშვილი, ვიდრე სხვა რომელიმე ძალის, მითუმეტეს „ნაციონალების" დაბრუნება. წინასაარჩევნოდ ხელისუფლება, ალბათ ისევ შესთავაზებს ხალხს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, პენსიების ზრდას და ა.შ. მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალზედ უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით და შესაბამისად ხელისუფლებისადმი ნდობა დაბალია.

ოპოზიცია, ნამდვილად ვერ შეძლებს ხალხის მობილიზებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ლოზუნგით. ხალხის მოზიდვა შეიძლება მხოლოდ სოციალურ-ეკონომიური პრობლემების გადაჭრის დამაჯერებელი ლოზუნგებით, ამისთვის საჭიროა ქარიზმატული, დემაგოგი და პოპულისტი ლიდერი, რომელიც ხალხის ნდობას დაიმსახურებს (ასეთი იყო სააკაშვილი ვარდების რევოლუციის დროს) ასეთი ჯერაც არ ჩანს და ძნელი წარმოსადგენია აქამდე უცნობი სახე ასეთ ამპლუაში. ძველი ცნობილი სახეები კი დისკრედიტირებული არიან. ოპოზიციას, იქნება ეს „ევროპული საქართველო" თუ „ნაციონალური მოძრაობა", ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. მხარდაჭერა აქვს პირადად სააკაშვილს, მაგრამ ეს სტაბილური 12-13%-ია, სამაგიეროდ მისი უარყოფითი რეიტინგი ძალაინ მაღალია. რაც შეეხება ერთიან ლიდერს, ამ რამდენიმე ათეული პარტიის ლიდერები ვერ შეთანხმდებიან იმაზე, რომ დაუჭირონ მხარი რომელიმე ერთს," - განაცხადა „რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×