ია აბულაშვილი
07.02.2020

„უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა და ვისაუბრებთ სამომავალო გეგმებზე, მაგრამ რუსული ვექტორის პარტიებთან პროპორციული სისტემის გარდა სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარს არ ვაპირებ. მე ჩემს პრინციპს ვიცავ, ხალხიც ოპოზიციისგან პრინიპულობას ითხოვს" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, ექსპერტთა მოსაზრებას, რომ არჩევნებში წარმატების მისახწევად ოპოზიციამ ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის ტაქტიკაში, პირველ რიგში საზოგადოებას წარუდგინოს ერთიანი ლიდერი.

„რა თქმა უნდა ხალხი ოპოზიციისგან მოითხოვს პრინციპულობას, ამას ვითხოვ მეც და ამ ხნის მანძილზე სულ ერთ პოზიციას ვაფიქსირებ, რომ პროპორციული სისტემის გარდა სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარს რუსული ვექტორის პარტიებთან არ ვაპირებ და ხელს არ შევუწყობ რუსული რბილი ძალის რეაბილიტაციას საქართველოში. ვნახეთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, ამიტომ სხვა საკითხებზე საუბარი ამ ძალებთან უნდა დამთავრდეს. დასავლურმა პარტიებმა უნდა განაგრძონ ბრძოლა გამარჯვებისთვის მომავალ არჩევნებში.

ამ შემთხვევაში ხალხიც დაგიჯერებს და გამოგყვება. იმ ხალხთან ერთად არა, რა თქმა უნდა, 30 წელია ერთ წრეზე რომ გვატარებს და ახლაც უნდაც რომ გვაპორწიალონ საკუთარი მიზნების მისაღწევად.

როცა ბიძინა ივანიშვილს ებრძვი, რუსეთის ვასალი ხარ და რუსეთის ინტერესებს ატარებო, სირცხვილი არ არის ბურჯანაძის გვერდით იჯდე მაგიდასთან, კრემლში რომ დარბის პუტინთან? ერთ წუმპეს მეორე წუმპეთი თუ შეცვლი, რა თქმა უნდა ხალხი არ გამოგყვება. ერთიანი ლიდერიო, ამბობთ, ვინ დავსვათ ამ დიდი სიის სათავეში - ხაზარაძე თუ ბურჯანაძე? „ევროპულმა საქართველომ" დღე არ გავა, რომ კრიტიკის ქარცეცხლში არ გაატაროს მიხეილ სააკაშვილი, რიგში დგანან და ერთმანეთ ასწრებენ. უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა და ვისაუბრებთ სამომავალო გეგმებზე, მაგრამ არა რუსული ვექტორის პარტიებთან," - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×