თამარ შუკვანი
07.02.2020

მსახიობ ბესო ზანგურს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. იმის გამო, რომ ბინა კერძო იპოთეკართან აქვს ჩადებული, შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩეს. როგორც მსახიობმა „რეზონანსს“ განუცხადა, თანხა პროცენტულად კერძო პირისგან ისესხა.

„მეორედ ქუჩაში დარჩენას მე ვერ გადავიტან. წკაპან და ეგაა, ისედაც ნამეტანი დიდხანს დავრჩი ამ დედამიწაზე,“ - დაწერა ბესო ზანგურმა თავის მიმართვაში.

„რეზონანსის“ კითხვაზე, ამ შემთხვევაში ვის შეუძლია მისი დახმარება ან ამ მდგომარეობის შემსუბუქება, მსახიობმა აღნიშნა: 

„რაღაც პრობლემა მქონდა და ის დავწერე სახალხოდ. როგორ გითხრათ, ისეთ კითხვას მისვამთ, რომ გწყურია და ადამიანმა გკითხოთ გნებავთ წყალი? აი, ასეთ მდგომარეობაში ვარ.  პასუხს ვერც კი გაგცემთ, ვისგან შეიძლება ველოდე დახმარებას  - არ ვიცი... კერძო იპოთეკაა, კერძო ადამიანია, რომელმაც გასცა თანხა პროცენტულად,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ბესო ზანგურმა.

როგორც ცნობილი გახდა, მან თანხა დედის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ისესხა:

„დედა მიკვდებოდა, სხვა გზა არ მქონდა. ინსულტი, ტრეპანაცია - ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის,“ - თქვა ზანგურმა. 

აღსანიშნავია, რომ მსახიობი ბესო ზანგური 5 შვილის მამაა, დედას თავად უვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×