თამარ შუკვანი
08.02.2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ თუკი ოპოზიციამ ხელისუფლების წინადადება თებერვლის ბოლომდე არ მიიღო, მოპალარაკებათა ფანჯარა დაიხურება, პარტია „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სასაცილოს უწოდებს. ის „რეზონანსთან" საუბრისას თალკვაძეს და „ქართულ ოცნებას" ურჩევს „გონს მოეგონ."

„უბრალოდ სასაცილოა ეს განცხადება. მე პირიქით ვიტყვი - თუ გონს არ მოეგება პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი „ქართული ოცნების" ბანდიტებით, რომლებიც ხელისუფლებაში არიან ახლა მოკალათებულები, არჩევნების მეშვეობით განკითხვის დღეს მოვუწყობთ. ვნახოთ ვისი აჯობებს.

„განკითხვის დღე ექნებათ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ვურჩევ დროულად მოეგონ გონს, ადეკვატური წინადადებებით და პოზიციებით მოვიდნენ. მაგიდაზე დევს „გერმანული მოდელი" და ჩვენ მზად ვართ მათი კომპომისული ვერსია მოვისმინოთ. ადგილებით და ხალხის ინტერესებით ვაჭრობაში ვერ ჩაგვითრევენ," - განაცხადა ვაშაძემ.

„რეზონანსის" კითხვაზე, მხარეთა შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი როდის გაიმართება, გიორგი ვაშაძეს აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა იხურება.

„თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება, რადგან თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე.

„100/50 - ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს მნიშვნელოვნად პროპორციული მანდატების გაზრდას და ასევე მნიშვნელოვნად მაჟორიტარული მანდატების შემცირებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ შეთანხმება მოხდეს და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, ეს არის კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება, მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ," - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×