
„არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა" და „გაერთიანებული ოპოიზიციის" გვერდით ან პარალელურად ახალი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის, ან გაერთიანების შექმნას ფიქრობდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას საქართველოში „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნის შესახებ.
სააკაშვილის შტაბი პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე დაწერა. მისი ინფორმაციით, შტაბში „ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან. შტაბის იზანი კი იქნება დაჩქარდეს „ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა".
ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის სააკაშვილი ერთგვარ დაბრკოლებად იქცა და შესაძლოა იგი ცაკლე პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას ფიქრობდეს.
„ცოტა უცნაური განცხადება და გადაწყვეტილებაა. თუ „ნაცმოძრაობასთან" ერთად აპირებს ყოფნას, მაშინ დამატებითი შტაბის გახსნა რა საჭიროა და თუ ამ შტაბში ახალი სახეები იქნებიან, ეს რა შტაბი იქნება?
„ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა" და „გაერთიანებული ოპოზიციის" გვერდით, ან პარალელურად ახალი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის, ან გაერთიანების შექმნას ფიქრობდეს.
„ოპოზიციურ სპექტრში ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ სააკაშვილი გარკვეული დაბრკოლებაა იმისათვის, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე მაქსიმალური ხმები უზრუნველყოს. შესაბამისად, თუ სააკაშვილი, ასე ვთქვათ, ოპოზიციას მოშორდება და ახალ პოლიტიკურ ჯგუფს შექმნის, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, ამით დანარჩენ ოპოზიციას ექნება შანსი, რომ გაერთიანდეს და იმის მტკიცება არ მოუწიოთ, რომ თუ გაიმარჯვებენ, ხელისუფლებაში სააკაშვილი დაბრუნდება", - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, სააკაშვილმა თუ ცალკე პარტია ჩამოაყალიბა, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.
„სააკაშვილი თუ ახალ გუნდს შექმნის, 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. ასე რომ, შესაძლოა სააკაშვილი ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთებას ფიქრობს, რაც საკმაოდ გონებამახვილური გადაწყვეტილებაა. სხვა შემთხვევაში ასეთი შტაბის არსებობის მოტივს ვერანაირად ვერ ვხედავ - რატომ უნდა გაკეთდეს მაშინ ცალკე შტაბი, ან „სააკაშვილის შტაბი" რას ნიშნავს?
„ეს ფრთხილი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ამაზე ის არ ლაპარაკობს. ამ შტაბს რომ შექმნის ახალი სახეებით და ა.შ., შეხედავს რა პერსპექტივა ექნება და იმისდა მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. მგონია მიზანი ესაა, რომ „ნაცმოძრაობას" ჩამოშორდეს და ახალი პოლიტიკური გუნდი შექმნას, რომელიც აუცილებლად პარლამენტში შევა, თან დანარჩენ ოპოზიციას იმის საშუალებას მისცემს, რომ სააკაშვილი მათთან აღარ იქნება და ხელს აღარაფერი შეუშლის იმისთვის, რომ ერთი მსხვილი გაერთიანება ჩამოყალიბდეს. ასეთი ვერსია ლოგიკურია, სხვა მოტივს ვერ ვხედავ", - განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის მიერ ამ განცხადეის გავრცელების წინ „ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე წევრმა დატოვა.