თამარ შუკვანი
08.02.2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს იხურება, რადგან შემდგომ პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს კონსტიტუციაში ამ ცვლილებების შეტანას, „ლელო საქართველოსთვის" წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ასეთი აკრძალვა არ არსებობს.

მისივე თქმით, უბრალოდ არის რეკომენდაცია, რომ არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში რაიმე ცვლილების განხორციელება არაა მიღებული პრაქტიკა. თუმცა ეჭვობს, რომ, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, საარჩევნო კანონდებლობაში რაიმე ცვლილება მოხდეს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 100/50 - ეს არის კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, რაც დღეს არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, რომელიც პროპორციული მანდატების გაზრდასა და მაჟორიტარული მანდატების შემცირებას ითვალისწინებს.

„ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ახალი ვარიანტი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა პროპორციული სისტემა დაცული იყოს. ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა.

ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ხმალაძეს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად დრო ჯერ კიდევ არსებობს. როგორც კონსიტუციონალისტი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, კანონპროექტის ინიცირებიდან დაახლოებით სამი თვეა საჭირო იმისათვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს და აკრძალვა, რომ არჩევნების წინ 6 თვის განმავლობაში არ შეიძლება რაიმე ცვლილების შეტანა, როგორც ასეთი, არ არსებობს.

„ინიცირების შემდეგ ერთი თვე უნდა გავიდეს, რომ პარლამენტში განხილვები დაიწყოს, რომელიც სამი მოსმენით უნდა იყოს მიღებული, რასაც დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. რაიმე ფორმალური აკრძალვა არ არსებობს, თუ რამდენი ხნით ადრე უნდა განხორციელდეს ცვლილება. ცხადია, ეს უნდა მოხდეს არჩევნების დანიშვნამდე. არჩევნების დანიშვნის უკიდურესი ვადა არის აგვისტოს ბოლო. მანამდე ყველაფერი უნდა დასრულდეს, ოღონდ თუ კონსტიტუციური ცვლილებები მოხდა, შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო კოდექსშიც. ამასაც თავისი დრო სჭირდება.

„საერთო ჯამში, დაახლოებით სამი თვე იქნება ამისთვის საჭირო. აპრილის ბოლოს მაინც უნდა დაიწყოს, რომ ივლისში დასრულდეს, - ეს არის ძალიან შემჭიდროვებული ვადები. გამოდის, რომ მაისამდე უნდა დასრულდეს კონსტიტუციური ცვლილებები და შემდეგ მაისის განმავლობაში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. ასეთ ვადებში მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუკი ფართო შეთანხმება იარსებებს.

„მე ასეთი აკრძალვა არ მახსოვს, რომ არსებობდეს. არის ჩვეულებრივ რეკომენდაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელსაც ვენეციის კომისია ადგენს, რომ არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში ცვლილებები არ განხორციელდეს, გარდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებებისა.

„ჩვენთან არის ის ვითარება, რომ თუ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, მიუხედავად ამ რეკომენდაციისა, შედეგი უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რომ რეკომენდაციას მივყვეთ და შეთანამხების შემთხვევაშიც კი არ განვახორციელოთ ცვლილებები. თუმცა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ რაიმეზე მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა და შემდგომ ცვლილებების გატარება," - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა იხურება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ განუცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×