
„თუ სახელმწიფოსთვის მიუღებელია ესა თუ ის დიპლომატი, ის უნდა შეიცვალოს და სხვა გზა არ არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორიას გარშემო ატეხილ სკანდალს. კერძოდ, ლევან იზორია, თანამდებობის დატოვების შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩად უნდა დანიშნულიყო, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანული მხარე ამის წინააღმდეგია.
გერმანიის მთავრობის მიერ ელჩის თანამდებობაზე იზორიას კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს ანალიტიკოსმა გია უხაშვილმა გაავრცელა. მიზეზად მან საპატრულო პოლიციის მიერ იზორიას ძმის დაკავებისა და შემდეგ გათავისუფლების ჩანაწერის გასაჯაროვება და ამასთან დაკავშირებული სკანდალი დაასახელა.
„არ გამოვრიცხავ, რომ ლევან იზორია გერმანიის ელჩად აღარ დაინიშნოს... გამორიცხული არ არის, რომ თავად გერმანიის მხრიდან დაისვა კითხვები ლევან იზორიასთან დაკავშირებით. როცა ადამიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება, ეს საკითხი მინიმუმ გერმანიის ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებული",- თქვა გია ხუხაშვილმა.
ამ ინფორმაციას ოფიციალურად არც გერმანიის ხელისუფლება და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, სავსებით რეალურია შანსი, რომ იზორიას კანდიდატურას საქართველოს ელჩის პოსტზე გერმანული მხარე მართლაც ბლოკავდეს, რადგან სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ძმის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა:
„თეორიულად, გამორიცხული არაა. როგორც გახსოვთ, საქართველო თვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც კი ბლოკავდა. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ საქართველომ სომხეთის ელჩიც დაბლოკა.
„ფაქტებიდან ჩანს, რომ მიმღები სახელმწიფოსთვის მიუღებელია ესა თუ ის ფიგურა. თუ ამ მაგალითებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა გია ხუხაშვილის ინფორმაცია ახლოს იყოს სინამდვილესთან და გერმანიას არ აწყობდეს იზორიას მიღება, რადგან მისი ძმა გარეულია გარკვეულ უხერხულობებში, რაც საკმაოდ მკაცრად შეაფასა თავად პრემიერ-მინისტრმაც. ამ ფონზე, არ გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს", - განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.
იგი კომპრომისის მოძებნის გზებზეც საუბრობს, რათა აღნიშნული ვითარება მოგვარდეს და საქართველოს ჰყავდეს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში:
„როგორც წესი, თუ სახელმწიფოსთვის მიუღებელია ესა თუ ის დიპლომატი, ის უნდა შეიცვალოს და სხვა გზა არ არის. ყოველთვის ასე ხდება და არავითარი სხვა ფორმა არ არსებობს", - დასძინა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.