
ახალქალაქის სოფელ კუმურდოში ქორწილში მხიარულება სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. 6 მამაკაცი ქორწილში ურთიერთ შელაპარაკებისას დაჭრეს და 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ თავადპირველად ჩხუბი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც სრულ ქაოსსა და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა სტუმარმა მამაკაცმა 21 წლის ახალგაზრდა ტორტის დასაჭრელი დანით აჩეხა. მის დასახმარებლად მისულ მეგობრებსაც ასე გაუსწორდა. ერთ მათგანს ჭრილობა ღვიძლის არეში აქვს მიყენებული, ორს კი გულ-მკერდის მიდამოში.
სამს ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუწიეს დახმარება, ორი დაჭრილი, რომელთა მდგომარეობაც უფრო მძიმეა თბილისში გადაიყვანეს, ერთი კი ადგილობრივ კლინიკაში სამკურნალოდ კვლავ რჩება.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მათი თქმით, ჩხუბის მიზეზი უცნობია და ამ დრომდე ვერავინ ხსნის რეალურად რაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუმცა, ერთ-ერთი ადგილობრივი - ახმედ მამედოვი ამბობს, რომ კონფლიქტის ინიცატორებს შორის ძველი წყენა არსებობდა და სავარაუდოდ, მათი ჩხუბის მიზეზიც ეს უნდა ყოფილიყო. მამედოვი მბობს, რომ პოლიციასთან არავინ არაფერს ყვება და არ არის გამორიცხული, რომ ოჯახებს შორის პირადი სისხლიანი გარჩევა კვლავ გაგრძელდეს.
„არავინ იცის რეალურად რაზე იჩხუბეს. ასე მოულოდნელად წაკამათდნენ და იმ ერთმა აიღო ტორტის დასაჭრელი დანა და ასე წამებში აჩეხა. ამის შემდეგ მასობრივი ჩხუბი დაიწყო. ვინ ვის ურტყამდა და დანით ჭრიდა, ვერ გაიგებდით, სრული ქაოსი იყო.
„ასე 20 კაცი ერთმანეთს სცემდა და ქორწილის სხვა სტუმრებმა მათი გაშველება ვერაფრით შეძლეს. 6 კაცია დაჭრილი. ერთმანეთის მეგობრები არიან. ის ვინც პირველად დაჩეხეს ძალიან მძიმედ არის.
ძ“ირითადი ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამბობენ, რომ ადრეც რაღაც ძველი წყენა ჰქონიათ და აქ ქორწილში რომ ნახეს ერთმანეთი, საქმის გარჩევა დაიწყეს, რაც ასე ფატალურად დასრულდა. არ არის გამორიცხული, რომ ოჯახებს შორის ამის გამო შურისძიებაც მოხდეს“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
შსს-ს ინფრომაციით, გამოძიება ორი არ მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. პოლიციამ ბრალდებულებიც დააკავა - 30 წლამდე ასაკის ორ მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. საუბარია 4 ადამიანის დაჭრაზე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა მოქალაქეებს ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს., ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, 1996 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ა.-ს.“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.