„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, პარტიის ლიდერისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ახალი შტაბის ჩამოყალიბება პერსპექტივაში ახალი პარტიის შექმნას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა:
„შტაბის ჩამოყალიბების შემდეგ მის ბაზაზე ახალი პარტიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობაც კი არასერიოზულია", - აცხადებს გოცირიძე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუკ" გვერდზე 8 თებერვალს განცხადება გააკეთა, სადაც შტაბის შექმნა დააანონსა:
„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რათა „ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა".
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თევებრვლის ბოლოს გადაწყვეტს თავად შეუერთდება თუ არა სააკაშვილის შტაბს. შტაბის მთავარი მიზანი კი, მისი თქმით, ახალი მხარდამჭერების მოზიდვა იქნება.
„მიხეილ სააკაშვილის შტაბის ფუნქცია იქნება დამატებითი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერების მოზიდვა ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად, არაპარტიული ძალების, მოქალაქეების ჩართვა", - განაცხადა გოცირიძემ.