
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაჭერის ფაქტს გამოეხმაურა; მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ქმედებით ქვეყანაში მართლმსაჯულება საბოლოოდ გააქრო, ახლა კი ყველა პოლიტიკური პარტია საპარლამენტო აჩევნებისთვის უნდა მოემზადოს იმისათვის, რათა „ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაშორონ.
„რა ფორმითაც დღეს მართლმსაჯულება არსებობს, მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს და არანაირ განცდას არ ტოვებს, რომ ამ ქვეყანაში სამართლის რაიმე ნიშანწყალია დარჩენილი. ყველა ინსტიტუტი მოშლილია და დაქვემდებარებულია კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს, ანუ ივანიშვილის ინტერესებს. დაპატიმრება იქნება თუ ნებისმიერი გადაწყვეტილება, უკვე უარყოფით განწყობას იწვევს, რადგან საფუძვლად სამართლიანობა არ უდევს, არც ის მთავარი დაპირება, რომლითაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა," - აღნიშნა ჭიჭინაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ხელისუფლებასთან დაგეგმილი მე-5 რაუნდი ჩავარდა. ოპოზიციის წევრების განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წყდება, ვინაიდან ამის რესურსი ამოწურულია.
ჭიჭინაძის თქმით, ამ მოლაპარაკებებმა აზრი დიდი ხნის წინ დაკარგა და ახლა დროა, ყველა პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს.
„ზოგადად ამაზე საუბარი შეიძლება, თუ მოლაპარაკებას რაღაც აზრი აქვს. ჩვენ კი არა, ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს ატყუებენ. აშშ-დან (თალაკვაძე და ზალკალიანი) ჩამოსულებიც არ იყვნენ, ისეთი რამ ჩაატარეს, ეს ხალხი გააოგნეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათთან მოლაპარების მაგიდასთან დაჯდომას აზრი არ აქვს.
„ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით ჩატარდება. თუ „ქართული ოცნება" ასე გააგრძელებს, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს. როდესაც ხალხის არჩევანი შედეგს არ ემთხვევა, ყოველთვის არის შესაბამისი პროტესტი და პასუხი. ჯერ ჩვენ არაფერი დაგვითმია, ვგულისხმობ ქართველ ხალხს და საზოგადოებას. იმედი მაქვს არც „ოცნებას" დავუთმობთ და არ მივცემთ საშუალებას, ძალაუფლება მიიტაცოს," - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისათვის, ცნობისათვის, გიგი უგულავას 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.