თამთა ჩაჩანიძე
11.02.2020

„ქართული ოცნება" იმდენად უგუნურ ნაბიჯებს დგამს, არ გამოვრიცხავ, რომ გვარამიას მიმართაც იგივე განახორციელონ, რაც უგულავას მიმართ მოხდა და შესაძლოა ასევე სხვების მიმართაც," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა განახლებას.

„იმედინიუსის" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა. გამოძიება გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ამით ოპოზიციის მწყობრიდან გამოყვანას ცდილობს, რათა ამით საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ უარყოფითი განწყობა შექმნან.

პაატა ზაქარეიშვილი: „ქართული ოცნება" აშკარად კრიზისშია, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი მშვიდობიანად იქნება, გამარჯვების შანსები მინიმალურია, ამიტომ მათ დაძაბულობა სჭირდებათ, რათა ამ ფონზე საზოგადოებას ოპოზიციის მიმართ უარყოფითი განწყობა შეუქმნან, რომ ოპოზიცია არაკონსტრუქციულია, მათ იმედი აქვთ, რომ უგულავას დაპატიმრების შემდეგ, გვარამია იქნება, მელია თუ ა.შ. ოპოზიციას მოთმინების ფიალა აივსება და მასობრივ გამოსვლებს და არაკონსტრუქციულ თანაშრომლობას დაიწყებენ.

„მათ დასავლეთი აშკარად არ ადარდებთ, არც ამერიკა, არც ევროკავშირი, ამჯერად ისინი ცდილობენ, რომ მოსახლეობის და ამომრჩევლის წინაშე ოპოზიციის მიმართ უარყოფითი განწყობა შექმნან და ცდილობენ ოპოზიცია აიძულონ, რომ დაუმორჩილებლობის, დაპირისპირების და დაძაბულობის რეჟიმში გადავიდეს. მგონია, რომ არჩევნების წელს ამ ტიპის ხმაურიანი დაპატიმრებები ამ ამოცანას ემსახურება.

„ქართული ოცნება" იმდენად უგუნურ ნაბიჯებს დგამს, არ გამოვრიცხავ, რომ გვარამიას მიმართაც იგივე განახორციელონ, რაც უგულავას მიმართ მოხდა და შესაძლოა ასევე სხვების მიმართაც. მმართველი გუნდი წინდაუხედავ და თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, ესეთი არაპოლიტიკური ფიგურები ასეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდნენ, უცნაურად ჟღერს, მათ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რა არის ქვეყნის მართვა და საერთოდ პოლიტიკა," - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" მასობრივ რეპრესიებზე არ წავა, რადგან ამით საზოგადოება მართველი გუნდის მიმართ აგრესიული გახდება.

„ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება" ნაკლებად მადარდებს, მადარდებს მხოლოდ ის, რომ ქვეყნის იმიჯი ილახება და ჩვენი ევროპული ორიენტაცია, ნატოსკენ მიმართულება, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დგება იმიტომ, რომ ეს ელემენტარულ დემოკრატიულ გამოწვევებსაც ვერ პასუხობს,

„არა მგონია მმართველი გუნდი რეპრესიებზე წავიდეს იმიტომ, რომ ეს საზოგადოებაში მათ მიმართ აგრესიას გამოიწვევს, მათ უნდათ ოპოზიცია აიძულონ, რომ აგრესიულ, რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდნენ, ამიტომ მათ სჭირდებათ თვითონ გამოჩნდნენ, როგორც წიწილები-კანონის მორჩილები, ვითომ ისინი ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებენ, სინამდვილეში კი ეს პოლიტიკური ანგარიშწორებაა, ამით უნდათ როგორმე ოპოზიცია წამოიკიდონ, თუ ოპოზიცია ამას გაუძლებს და რადიკალურ ნაბიჯებს არ დადასდგამს, მაშინ მართველი გუნდის ამოცანა ვერ შესრულდება და მიზანს ვერ მიაღწევენ."-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა, იგი ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×