თამთა ჩაჩანიძე
11.02.2020

ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკი და რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის თანამშრომელი ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში თანამდებობის მისაღებად ემზადება. მას სურს, რომ აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი" გახდეს და ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატის, ასლან ბჟანიას პრესმდივანმა რუსულ „კომერსანტს" განუცხადა.

როგორც წყარო აღნიშნავს, არძინბა ამ ეტაპისთვის მოსკოვში იმყოფება, ხოლო სამშობლოში დაბრუნებას და შესაძლო თანამდებობის დაკავებას იგი ერთი წლის განმავლობაში შეძლებს.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია, რომელიც დიდი ალბათობით 22 მარტს გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში" გაიმარჯვებს, საკუთარ გუნდში ყოფილი რუსი ჩინოვნიკის შეყვანას აპირებს. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა ფეისბუქზე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ინალ არძინბა ომის დროს სეპარატისტების ლიდერისა და „პირველი პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბას ნათესავიცაა. იგი მხოლოდ 29 წლისაა, მისი ასაკი კი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

რუსული მედიის ცნობით, სანამ აფხაზეთის მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებდა, სოხუმში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი "სიტუაციის დასაწყნარებლად" ჩავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სურკოვი და ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინის მიმართ საკითხების გადაწყვეტაში კრემლში ერთად მოქმედებდნენ. მოგვიანებით კი არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

ინალ არძინბამ სამშობლოში საკუთარი პოლიტიკური ამბიციები იანვრის დასაწყისიდან წამოაყენა მაშინ, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი უკვე ჩაწყნარებული იყო. მან რუსულ მედიასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პლატფორმას „აფხაზეთის მომავალს" ქმნიდა.

რუსული „კომერსანტი" აღნიშნავს, რომ ბჟანია-არძინბას ტანდემი აფხაზეთის რეფორმებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩაერთვება, რომელთა მთავარი ამოცანები სამუშაო ადგილების შექმნა, კორუფციასა და დანშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რუსული ინვესტიციებისთვის გარანტიის მიცემა და მთლიანად აფხაზეთის იმიჯის შეცვლა იქნება.

პირველ ეტაპზე არძინბა მოსკოვში მოღვაწეობასთან ერთად ბჟანიასაც დაეხმარება, დაახლეობთ ერთი წლის შემდეგ კი იგი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „ოფიციალურ" თანამდებობას მიიღებს. წყაროს ცნობით, შესაძლო თანამდებობად პრემიერ-მინისტრის პოზიცია განიხილება.

რუსული მედიის ცნობით, ინალ არძინბამ აფხაზ ახალგაზრდებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, რომელთანაც არაერთი დახურული შეხვედრა გამართა.

(ფოტოზე: ინალ არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილთან)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×