
გარკვეული ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ, თუმცა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეჭვს გამოთქვამს, საბოლოოდ ოპოზიციურმა სპექტრმა ამ შეთანხმებას მიაღწიოს. როგორც „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსენსუსი აუცილებელია, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება, რაც მისასალმებელია.
11 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ განახლდება საპროტესტო აქციები, პიკეტები და ხალხთან სალაპარაკოდ რეგიონებშიც გავლენ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაზე, რასაც პოლიტიკოსების უმრავლესობა დათანხმდა, თუმცა პარტია „ლელოს" ლიდერების თქმით, მათ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, შეუერთდებიან თუ არა ოპოზიციის შეთანხმებას მაჟორიტარებზე.
„ჩვენი ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი შეთანხმებები საქართველოში ძალიან რთულად არის მიღწევადი, თუმცა სასურველია. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მეტ-ნაკლები კონკურენცია გაჩნდეს ამ მაჟორიტარულ სეგმენტზე. აქ შეიძლება კომბინირებული ვარიანტის გამოყენება. სადაც ვერ შეთანხმებიან, იმ ოლქებში პირველი ტური ჩაითვალოს, ფაქტობრივად, პრაიმერიზად და იმაზეც შეთანხმდენენ, რომ ოპოზიციიდან ვინც მეორე ტურში გადავა, მხარი დაუჭირონ.
„პირველ ეტაპზე შეეცადონ, რომ მაქსიმალურად შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მეტ ოლქში, სადაც ეს შეთანხმება მიუღწევადი იქნება, იქ უკვე ამ სქემით იმოქმედონ. ამ შემთხვევაში შეიძლება რეალური კონკურენცია გაჩნდეს ბაზარზე," - თქვა მან.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსა, რომელიც „ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს". მისივე თქმით, შესაძლოა მოხდეს „ქართული ოცნების" ზოგიერთ ყოფილ დეპუტატთან გაერთიანება.
ხუხაშვილის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაგვიანებულია:
„ეს უკვე ძალიან გვიანაა. გასაგებია, რომ ნაცვლიშვილი არის მკვეთრად გამოხატული მემარცხენე პოლიტიკოსი. საინტერესო ადამიანია და პატივისცემასაც იმსახურებს, მაგრამ ამ ეტაპზე მის პოლიტიკურ პერსპექტივას ბუნდოვან ფერებში ვხედავ. არ მგონია, რომ ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ საარჩევნო ციკლში," - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, ანალიტიკოსმა თქვა, რომ, როგორც ექსპრეზიდენტის, ასევე ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დღევანდელი პოლიტიკური რეალობა შეცვალოს.
„მარგველაშვილის დაბრუნება მისასალმებელი და ძალიან კარგი იქნება. ის ფორმაშია, აქტიურია. პოლიტიკურ პროცესს მისი რეინტეგრაცია ძალიან წაადგება, ისევე, როგორც გიორგი კვირიკაშვილის. ამ ორი ფიგურის გამოჩენამ, ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებამ შესაძლებელია გარკვეულწილად კონიუნქტურა შეცვალოს. მოხარული ვიქნები თუ მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და იქნება აქტიური," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.