
"მოლაპარაკების ჩაშლა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინიციატივით მოხდა; ეს აშკარაა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია დაუმორჩილებლობაზე წავა" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარაკებას წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობის რეჟიმზე გადადის.
"როცა შედეგები ძალიან მწირია, გადასაფარავად რჩება უკვე გამოცდილი ტექნოლოგია; ანუ, თუ დაპირისპირებით უფრო კარგ შედეგს მიიღებ, ხელისუფლებები ამ დაპირისპირებაზე მიდიან. აბა, რა შეიძლება ითქვას სხვა იმაზე, რაც მოხდა. უგულავა დამნაშავეა თუ არა, ეს პოლიტიკიდან დისტანცირებული უნდა იყოს. თუ სამართალზეა საუბარი, ხელისუფლებას ეს უნდა აემოქმედებინა მაშინ, როცა პირველად დააკავა და არა არჩევნების წინ. მითუმეტეს, რომ უგულავა შეწყალებულია და ციხიდან შეწყალებით გამოუშვეს.
ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ოპოზიცია, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას ყოველთვის სათავისოდ გამოიყენებს. არ ვიცი რას გააკეთებს ოპოზიცია, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მან სწორი ნაბიჯები გადადგას და ხელისუფლება ძალიან ხისტი პრესინგის ქვეშ ამყოფოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების ჩაშლა ხელისუფლების ინიციატივაა, ეს აშკარაა, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია დაუმორჩილებლობაზე წავა. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ამ მახინჯ სისტემაში ითხოვენ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს და არა სისტემის რადიკალურ ცვლილებებს. პოლიტიკაში კი პრინციპი "ცოტა ჩაიჩოჩე და მეც ჩამომაჯინე" მცდარი პრინციპია და წამგებიანი. თუმცა, ხელისუფლება ოპოზიციას ამაშიც არ მიჰყვება და ფიქრობს, რაც უფრო დაიძაბება სიტუაცია, მისთვის უფრო მომგებიანია.
დღეს ხელისუფლების გზავნილი არის - "თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, მოვლენ ნაცები". ამ ლოზუნგს კიდევ უფრო ინტენსიურად აამუშავებენ, იქნებ რაიმე გამოვიდესო. ეს არის მთელი არსი ამ დაპირისპირების. თორემ სხვა რისი იმედი უნდა ჰქონდეს "ოცნებას", გარდა ამ საფრთხისა და სახელისუფლებო რესურსისა. ცხადია, კიდევ არის ერთი რესურსი - "ოცნების" თავმჯდომარის ფაქტიურად შეუზღუდავი ფინანსური რესურსი.
"ოცნება" რომ არ არის პოლიტიკური პარტია, არაერთხელ მითქვამს. მისი არცერთი წევრი არ წარმოადგენს პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანს, ამიტომ არაფერი გამოსდით, მათი განცხადებეები შორს არის რეალობლიდან და როგორც ჩვევიათ დილეტანტებს, "ჩვენ უკეთესი ვართ", ამას ვერ გასცილდნენ.
"ოცნების" პოლიტიკური მომავალი გრძელვადიან პერსპექტივაში ნულოვანია. წლევანდელ არჩევნებში ძალიან თუ არ გააფუჭებენ საქმეს და ისევ კონსტიტუციურ უმრავლესობას არ წაეპოტინებიან, სხვებთან ერთად შეიძლება ისიც კარგად იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში? მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი შანსი აქვს ქვეყანაში დაბრუნების, ეს არის ხელისუფლების დახმარება, იმ სიტუაციის შექმნა როცა მის დაბრუნებას ხელისუფლება გარდაუვალს გახდის. თუ ასე მოხდა, ეს სულაც არ იქნება შემთხვევითი" - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.