მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემაში ცვლილებებია. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე განსახილველად შევიდა. ცვლილებები სერიოზულ გაძვირებას გამოიწვევს, არა მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების, არამედ ავტოსკოლებში სწავლების კუთხითაც. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული ფასის მატება, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა საქართველოში.
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. უკვე ცნობილია, რომ შეიცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთები, ხოლო არსებულ სერვისს ახალი მომსახურებები დაემატება.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება გახდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა, მაგრამ პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება და თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად. გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა მინიმუმ 40 ლარი ეღირება.
სფეროს სპეციალისტი მევლუდ მელაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზგასმით აცხადებს, რომ მართვის მოწმობის სასწავლო კურსი და შემდეგ გამოცდებზე დაშვება ნამდვილად გაძვირდება, თუმცა ეს იქნება ყველაზე გამართლებული გაძვირება, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულა.
„მართვის მოწმობის აღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა და ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება რეგულირება. ცვლილებები, რომელიც იგეგმება, რა თქმა უნდა, გააძვირებს მოწმობის აღებას, რადგან პროცედურები სხვანაირად უნდა გადალაგდეს. მე თუ მკითხავთ, აუცილებლად უნდა იყოს საჭირო ლიცენზირებული ავტოსკოლის სასწავლო კურსის დამამთავრებელი საბუთი, რომლის მეშვეობითაც სამომავლოდ ადამიანს გამოცდაზე დაუშვებენ. აუცილებელია დოკუმენტი, რომ კონკრეტული ადამიანი დადიოდა და შეისწავლა ავტომობილის მართვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. მეტიც, უნდა იყოს გაკვეთილების მინიმალური რაოდნეობა დაწესებული, როგორც ეს გერმანულ მოდელშია. 20 გაკვეთილი არის მინიმუმი რაც უნდა ჩატარდეს და რის შემდეგადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ადამიანმა მანქანის მართვა ნამდვილად იცის.
თუკი ასე მოხდება, ნამდვილად გაიზრდება ხარჯები, მაგრამ ეს იქნება ყველაზე გამართლებული ზრდა, რაც შეიძლება დადებით კონტექსტში განვიხილოთ. იმავდროულად განათლების სამინისტრო უნდა დაგვეხმაროს და აუცილებლად ჩაერთონ ამ საქმეში, რომ სკოლებში მასობრივად დაინერგოს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ გაკვეთილები და ეს დაბალკვალიფიციურმა მანდატურებმა კი არ ჩაატარონ, არამედ გამცდილმა ადამინებმა, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია.
ერთადერთი, რასაც არ ვეთანხმები, ასაკის მატებაა. მე პირიქით მგონია, რომ ასაკობრვი ზღვარი უნდა დაიწიოს. ევროპაშიც ასეა და საერთოდ, ყველა ადამიანს სჭირდება ტრანსპორტით გადაადგილება და უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა 18 წლამდე პირებლას“, - განუცხადა "რეზონანსს" მევლუდ მელაძემ.
პრაქტიკულად გადაწყვეტლია, რომ ამჟამად დადგენილი მინიმალური ასაკის - 17 წლის - ნაცვლად, მართვის მოწმობის მისაღები ასაკობრივი ზღვარი გახდება 18 წელი.
საავტომობილო სფეროს სპეციალისტებს ავტოსკოლებიც ეთანხმებიან, რომ არსებული გაკვეთილების რაოდენობა საკმარისი არ არის. „მაქ დრაივში“ აღნიშნავენ, რომ მინიმუმ 16 გაკვეთილია საჭირო იმისთვის, რათა მოსწავლე გამოცდაზე გავიდეს და სრულყოფილად შეძლოს ჩაბარება.
„ვფიქრობ, ახალი რეგულაციები საჭიროა და ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. თუკი რეალური ცვლილებები გატარდება, მხოლოდ მისასალმებელია. აუცილებელია ამ საკითხს დიდი ყურადღება დაეთმოს. ჩვენი შეფასებით მინიმუმ 16 გაკვეთილია იმისათვის საჭირო, რომ მოსწავლემ სრულად შეძლოს დაეფლოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და გავიდეს გამოცდაზე“, - განუცხადა „მაქს დრაივის“ წარმომადგენელმა „რეზონანსს“.
მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის სამომავლოდ ყველაზე დიდი პრობლემა გადასახადი იქნება. თუკი ავტოსკოლებში სწავლა სავალდებულო გახდა და გამოცდებზე დაშვების საფასურიც გაიზარდა, მართვის მოწმობის მიღება, შესაძლოა, რამდენიმე ასეული ლარიც კი დაჯდეს.